ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე, რეჟისორი, პროდიუსერი - ქეთი მაჭავარიანის პროფესიების სია გრძელია და საინტერესო. კინო ბავშვობიდან უყვარდა და საკუთარ მომავალს ამ სფეროში ხედავდა, თუმცა ოჯახის წევრებს თქმას ვერ უბედავდა. როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, არჩევანი ხელოვნებათმცოდნეობაზე გააკეთა და 1990 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.
ამ პერიოდში ხელოვნებისთვის არავის ეცალა. ქვეყანა ომს მოეცვა. არ იყო არანაირი პირობები, უშუქობა, სიცივე...
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში, კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინომცოდნეობის სპეციალობაზე გააგრძელა. ამას მოჰყვა სარეჟისორო ფაკულტეტი, შემდეგ კი ბევრი შრომა. ხან რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, ხან პროდიუსერად, იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს და მუსიკალურ ვიდეობს.
2016 წლის ზაფხულში კინოს დამოუკიდებელი მოძრაობა სახელწოდებით „ვაკის პარკის კინომოძრაობა ახალი ქართული კინოსთვის“ დაიწო, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელიც ქეთი მაჭავარიანია. ეს ჯგუფი ქართულ კინოში არსებულ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს განიხილავს და მისი წევრები არა მხოლოდ კინოს სფეროში მომუშავე პროფესიონალები, არამედ უბრალო კინომოყვარულებიც არიან.
მანამდე კი, ქეთიმ გადაიღო ფილმები „მარიამი“, „შუშის ნამსხვრევები“, ხოლო 2011 წელი „მარილივით თეთრი“ იყო. ფილმი სამი გმირის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით შეხვდებიან და ერთმანეთის მომავალს განსაზღვრავენ. ეს რეჟისორის პირველი ნამუშევარია, რომელიც მისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.