„ზრდასრულები ვართ მაშინ, როდესაც მამას ჭადრაკის პარტიას ვუგებთ. ძალიან დიდები ვართ მაშინ, როცა მამას პარტიის მოგებას ვუთმობთ“. მამა-შვილ ხაზარაძეებს ქართული OK! ლისი ვერანდაზე ესაუბრა. ერთი შეხედვით თვალში გვხვდება მათი ფიზიკური მსგავსება. საერთო ბევრი აქვთ – როგორც ფიზიკური, ისე მორალური...
საინტერესოა თქვენთან საუბარი. რამდენად კარგად იცნობთ მამა-შვილი ერთმანეთს? მამუკა, როგორია ანნას კულტურული გემოვნება?
(მამუკა): ვფიქრობ, ანნას აქვს ძალიან დახვეწილი გემოვნება. თავისუფალია არჩევანში, და ძალიან მკაცრად მიჯნავს ხელოვნების ესთეტიკასა და უგემოვნობას ერთმანეთისგან. ხშირად მაოცებს მისი ეს სწორი ხაზი. უამრავი ფილმი აქვს ნანახი, ასევე ბევრი წიგნი წაუკითხავს, თუმცა საკულტო ფილმი ან წიგნი არ გააჩნია.
მამუკა, რა ანიჭებს რეალურ ბედნიერებას ანნას?
(მამუკა): რამდენიმე რამ ანიჭებს სიხარულს: ოჯახში ყოფნა. ასევე მეგობრებთან არის ძალიან ბედნიერი. გახარებულია, როცა რაიმე საქმე გამოსდის, როცა კარგად გამოსდის და ბოლომდე მიჰყავს. ხელოვნებისკენ მიმართული ადამიანია, არ არის მათემატიკური ტიპი, ამიტომ საქმიდან საქმემდე ხშირად ვაკუუმი აქვს ხოლმე, რაც ბუნებრივია.
ანნა, უფროს ქალიშვილს მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს – ძალიან ახლო, და ხშირად ექსკლუზიურიც. მსგავსებაც დიდია. პირველობის მომენტი მრავალშვილიან ოჯახში საინტერესო ფენომენია. როგორ ცხოვრობთ თქვენს პირველობასთან ერთად?
(ანნა): შემიძლია ვთქვა, რომ ოთხგზის „გადაყენებული დედოფალი“ ვარ. ოთხჯერ დამემართა ეს ამბავი. ძალიან მიხარია ოთხი და-ძმა რომ მყავს, მაგრამ პირველობას არ ვთმობ – ამ სიტყვის ფართო გაგებით. პირველ ბავშვზე უნდა გადატყდეს, გამოიცადოს ბევრი რამ („ექსპერიმენტული ბავშვია“, – მამუკა ერთვება სიცილით). გარდა ამისა, მეტიც მოგეთხოვება. მეორე, მესამე შვილებზე შედარებით „მოშვებულები“ არიან მშობლები – უფრო თავისუფლად უყურებენ მათ აღზრდას. მოთხოვნას და სიმკაცრეს ნაკლებად ამჟღავნებენ მათ მიმართ, ვიდრე ეს პირველი შვილების შემთხვევაში ხდება.
(მამუკა): ოჯახში არასოდეს ვიცით, ვის ველოდებით – გოგოა თუ ბიჭია, არასოდეს გაგვირკვევია, და როდესაც ანნა დაიბადა, ხალხი მეუბნებოდა: ვაა, მამუკა, გოგო გყავს?.. თითქოს რატომღაც პირველი აუცილებლად ბიჭი უნდა ყოფილიყო, მე კი ამ დროს გოგო გამიჩნდა. ჰოდა, გამოვაცხადე: წამოდით ახლა და ისე ვიქეიფოთ, როგორც ბიჭის დაბადებას აღნიშნავენ-მეთქი. ვამბობდი: „ბიჭი მყავს და ანნა დავარქვი“!
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ, ჟურნალ OK!-ს აგვისტოს თვის ნომერში!