OK! წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქეთა თოფურიასთან, რომელიც რუსულ OK!-ის ოჯახზე, კარიერასა და პატარა ოლივიაზე ესაუბრება, რომელმაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა!
ქეთა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, გათხოვებამდე, OK!-სთან ინტერვიუში თქვით, რომ გრანდიოზულ ქორწილს არ აპირებთ, მაგრამ თქვენი ქორწილი მაინც ხმაურიანი გამოდგა...
დიდი ქორწილის გადახდა მართლაც არ მინდოდა, მაგრამ ერთხელ მე და ლიოვა მეგობრების ფართო წრეში ვისხედით, მათ შორის უმეტესობა შოუბიზნესის წარმომადგენელი იყო და გვკითხეს: „ქორწილი როდის გაქვთ?“ ჩვენ ვპასუხობთ: „არ გვინდა ქორწილი!“ ისინი კი გვეუბნებიან: „არაა, აღვნიშნოთ! მოდი, 9 სექტემბერს იყოს!“ (2013 წელი). მე ვუთხარი: ხომ არ გაგიჟდით, ეს ხომ ჩემი დაბადების დღეა-მეთქი! მათ კი – ჰოდა, მთლად უკეთესიო.
იქ იმდენი ხალხი იყო, რომ მაშინვე მივხვდით – თუ ქორწილის გადახდას გადავწყვეტდით, ყველა მათგანი უნდა მოგვეწვია. შესაბამისად, მოკრძალებული ქორწილი უკვე აღარ გამოგვივიდოდა.
დაქალებს ჩემთვის ძალიან ბევრჯერ მოუყოლიათ, ქორწილებში სიძე-პატარძალი ვერასოდეს ერთობაო, და ამის მეშინოდა, მაგრამ გადასარევად გავერთე!
მგონი, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წვეულება და ისტორიაში ყველაზე მხიარული ქორწილი იყო! ყველა სტუმარი, რომელსაც მოგვიანებით სადმე გადავეყრებოდით, გვეუბნებოდა, რომ საოცრად იმხიარულა. მე, რასაკვირველია, ძალიან სასაცილო პატარძალი ვიყავი – ფეხშიშველი დავრბოდი. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ვიტან, მაგრამ თავიდან იძულებული ვიყავი ჩამეცვა, შემდეგ კი, როცა პირველი სიმღერა დაიწყო, ფეხზე გავიხადე. ბოლოს ჩემს ფეხისგულებს დავხედე და მივხვდი, რომ „ქიმწმენდა“ მესაჭიროებოდა.
თქვენი ქალიშვილი სულ ახლახან წლის გახდა. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ოლივიას გაჩენის შემდეგ?
ბავშვები სიგიჟემდე შემიყვარდა! ადრეც მიყვარდა, მაგრამ ასე ძალიან – არა. აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ქუჩაში პატარა დამენახა და მასთან სათამაშოდ მივსულიყავი. და კიდევ – თუ ბავშვის ტირილი მესმის, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია! მაშინვე უნდა მივვარდე და დავამშვიდო. ძალიან სენტიმენტალური გავხდი, სასტიკი ვიდეოების ნახვა აღარ შემიძლია – მაშინვე ტირილს ვიწყებ და, რა თქმა უნდა, გამიჩნდა პასუხისმგებლობის გრძნობა. ვაცნობიერებ, რომ შინ მელოდებიან და ვჭირდები.
როგორი გოგონაა ოლივია? ხომ არ ჭირვეულობს ხოლმე?
ჭირვეული საერთოდ არ არის და ძალიან ჭკვიანია. უკვე ამბობს „დედას“ და „მამას“, არჩევს ფერებს, შეუძლია გაჩვენოთ ძაღლი როგორ ყეფს. თუ რამეს ასწავლი, მაშინვე ითვისებს. ფეხზე დადგომაც ისწავლა, მაგრამ ჯერ არ დადის.
მეუღლესთან ერთად მის მომავალ პროფესიაზე ხომ არ ფანტაზიორობთ ხოლმე?
დიახ! იმდენ რამეს „ვუპირებ“, რომ უკვე წინასწარ მეცოდება! ამბობენ, ყველა მშობელს სურს თავის შვილებს მისცეს ის, რაც თავად არ ჰქონდა ბავშვობაში.
თქვენ რამე გაკლდათ?
სპორტი მაკლდა. იმედი მაქვს, ამ მხრივ ოლივიას ყველაფერი რიგზე ექნება. უცხო ენებშიც ვამეცადინებ. დედას ამ განხრით რეპეტიტორებთან მეორე კლასიდან დავყავდი, ინგლისურს ვსწავლობდი. ბიბლიასაც კი ინგლისურად ვკითხულობდი, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ენაზე საუბრის საშუალება არ მქონდა, მეჩვენება, რომ ამ მხრივ სრულყოფილებისგან ძალიან შორს ვარ. იცით, ვისურვებდი ჩემი ქალიშვილი მსახიობი გახდეს, მაგრამ მე ბევრი რამ მინდა... ვფიქრობ, ბავშვს პროფესია თავს არ უნდა მოახვიო – უბრალოდ, უნდა უბიძგო სცადოს ბედი სპორტში, სიმღერაში, ენებში და სხვა დანარჩენში – მხოლოდ ასე შევძლებთ მივხვდეთ, საუკეთესოდ რა გამოსდის. მე ასე ვიყავი – ოჯახში არავის უფიქრია, რომ მომღერალი გავხდებოდი.
ერთხელ, ეზოში ვსეირნობდი და ღიღინი დავიწყე. ეს ჩემმა მეზობელმა კომპოზიტორმა გაიგო, ფანჯრიდან გადმომხედა და მთხოვა მისთვის დედაჩემის ტელეფონის ნომერი მიმეცა. საღამოს, შინ რომ მივედი, დედა მომიყვა – დეიდა იზამ დამირეკა და შენზე მითხრა, ფენომენალური ტალანტი აქვსო. მაშინ ამაზე დიდხანს ვიცინეთ, მაგრამ მოგვიანებით სიმღერით მაინც დავიწყე. ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა.
თქვენი მეუღლე უფრო გამოცდილი მშობელია. მას ხომ უფროსი ქალიშვილი – სონია ჰყავს. ოლივიას აღზრდას გასწავლით?
ოლივია ჯერ მხოლოდ წლისაა, ამიტომ განსაკუთრებული აღზრდის პრინციპი ჯერ არ შეგვიმუშავებია. ეს მოგვიანებით მოხდება. მე და ლიოვა ყოველთვის განვიხილავთ რა და როგორ უნდა იყოს. ძალიან გვინდა ოლივია მაქსიმალურად სწორად აღვზარდოთ. ჩემი გერიც შესანიშნავი გოგონაა. ის ყოველთვის ძალიან კეთილი და კომუნიკაბელური ბავშვი იყო. თავის დროზე მასთან საერთო ენის გამონახვა გამიადვილდა, ახლა კი, როდესაც გაიზარდა, დაქალებივით გავხდით – ერთმანეთს რჩევებს ვეკითხებით. ძალიან მსიამოვნებს, რომ მისთვის ჩემი აზრი მნიშვნელოვანია.
ქეთა, თუ სწორად მივხვდი, ამჟამად მთელი თქვენი ცხოვრება დედის სტატუსს არის დამორჩილებული. წავიკითხე, რომ ქურთუკების კოლექციაც მხოლოდ ქალიშვილის ხათრით გამოუშვით, რადგან მისთვის შესაფერისი, სხვა დიზაინერებთან ვერ მონახეთ.
დიახ, ეს კოლექცია ჩემს ოლივიას მივუძღვენი. უბრალოდ, ერთ დღეს, მისთვის ქურთუკს ვეძებდი, ვერსად ვნახე და მაშინ გავიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა შემექმნა ისეთი ქურთუკები, დედები და ქალიშვილები ერთნაირი წარმატებით რომ მოირგებდნენ. მინდოდა განსხვავება მხოლოდ ზომაში ყოფილიყო.
საკუთარ თავს „დიზაინერს“ უწოდებთ?
არა. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ დიზაინერი არ ვარ. მომღერალი გახლავართ – ეს ჩემი ძირითადი პროფესიაა, დიზაინერობა კი, მხოლოდ და მხოლოდ ჰობია ჩემთვის. არ მინდა ვინმემ გამაკრიტიკოს იმის გამო, რომ სამოსი „ტენდენციების დაცვით“ არ შევქმენი. რა ტენდენციები? რაც მომწონს, იმას ვქმნი!
თქვენი ბრენდი ფულის შოვნის საშუალებაა თუ მხოლოდ გულის გასახარად შექმენით?
ალბათ, უფრო გულის გასახარად. ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი ბიზნესია და სერიოზული შემოსავალი მოაქვს. სიმართლე გითხრათ თავიდან არ ველოდი, რომ ჩემი სამოსი გაიყიდებოდა. ამიტომ ახლა ამით ვამაყობ და მიხარია.
საქმესა და ოჯახს შორის დროს როგორ ანაწილებთ?
ჩემი მშობიარობა კრიზისს დაემთხვა – კონცერტების რაოდენობა ძალიან შემცირდა. სამაგიეროდ გამომიჩნდა დრო, რომელიც შემეძლო ოლივიასთან ერთად გამეტარებინა. ყველაფერს ვასწრებ. ცოტა ხნის წინ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვედით, შემდეგ ჯგუფ Centr-თან ერთად გადავიღეთ კლიპი და უკვე ხუთი კვირაა ჩვენი ტრეკი ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს. ახლა საკონცერტო ტური გვაქვს. პარალელურად გრანდიოზულ გეგმებს ვაწყობთ – გვინდა ჩავწეროთ რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერა და შემოდგომაზე გამოვუშვათ.
A STUDIO-ს ბიჭები ხელს ძალიან მიწყობენ: თუ ადრე თვეში მილიონჯერ დავფრინავდით, ახლა ფრენების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მაინც მეჩვენება ხოლმე, რომ რაღაც ვერ გავაკეთე – სულ ამის განცდა მაწვალებს. ამბობენ, რომ მსგავსი რამ თითქმის ყველა დედას ემართება. ოლივიას ყველგან წაყვანა შეუძლებელია, რადგან 2 საათი ღვიძავს, შემდეგ ამდენივე ხანი სძინავს. არ გამოდის.