გვანცა დარასელია – ცნობილი ტელეწამყვანი, „რუსთავი2“-ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის –
„შუა დღის“ მიმზიდველი და შარმიანი სახეა. წარსულში მოდელი და მსახიობი გახლდათ. მისი მეუღლე – ვახო მჭედლიძე წარსულში რაგბის მოთამაშე, დღეს კი წარმატებული ბიზნესმენია. წყვილს ბედნიერი და შემდგარი ოჯახი აქვს, ზრდიან 2 წლის ერეკლეს და მისი დაიკოს ან ძამიკოს გასაჩენად უკვე ფიქრობენ. ქართული OK! წარმოგიდგენთ – უფრო ახლო ნაცნობობისთვის – გვანცა დარასელიასა და ვახო მჭედლიძის ოჯახური პორტრეტი.
ვახო, როგორ მოიგე „მის საქართველოს“ გული?
(ვახო): მაშინ ჩეხეთში ვცხოვრობდი და დროებით ვიყავი საქართველოში ჩამოსული.შესაბამისად, არც გვანცაზე ვიცოდი არაფერი – თუნდაც ის, რომ „მის საქართველო“ იყო. უბრალოდ, ერთ-ერთ კონცერტზე დავინახე, ძალიან მომეწონა და იმ დღიდან გულში ჩამივარდა. კონცერტის ღამესვე გავფრინდი ჩეხეთში, თუმცა ნომრის გაგება არ გამიჭირდა და იმ დღიდანვე დავუწყე SMS-ების წერა. მოგვიანებით, გვანცას შესახებ ჩვენი საერთო მეგობრის – ნანუკა ჟორჟოლიანის მეშვეობით გავიკითხე, ბევრი სხვა ადამიანიც ჩავრთე, რათა მის შესახებ რაც შეიძლება მეტი გამეგო. მაინტერესებდა, როგორი პიროვნება იყო. მინდა გითხრათ, რომ ყველა დადებითად ახასიათებდა.
(გვანცა): რუსა მორჩილაძის საღამო იყო „ტრიუმფში“, სადაც მეც ვიმღერე. მთელი საღამო თვალს არ მაშორებდა. მეც შევამჩნიე.
(ვახო): პირველი „მესიჯი“, რომელიც გვანცას მივწერე, შემდეგი შინაარსის იყო: „მთელი საღამო რომ გიყურებდი, ის ბიჭი ვარ...“
(გვანცა): მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ პასუხი არ მიმიწერია. თავს კი არ ვიფასებდი, უბრალოდ, ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე... ძალიან ბევრ „მესიჯს“ მწერდა, სოციალურ ქსელებშიც მიპოვა, მაგრამ არ ვპასუხობდი. და ამის შემდეგ, თითქოს ჩემზე მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა – უბრალო ნაცნობებიც კი მირეკავდნენ და მელაპარაკებოდნენ ვახოზე, თუ როგორი კარგი ადამიანია, როგორი კარგი თვისებები აქვს... და ერთ დღესაც გადავწყვიტე დავთანხმებულიყავი შეხვედრას – თავად გამეგო, ვინ იყო.
(ვახო): ყველა მეუბნებოდა – მიუწვდომელია, არანაირი შანსი არ გაქვს მისი გულის მოგებისო. გვანცას ისეთ საჩუქრებს უკეთებენ და ისე ჰყავთ განებივრებული ყურადღებით, შენ რა უნდა გააკეთო, რომ მისი ყურადღება მიიქციოო...
(გვანცა): ერთი ნახვით შეყვარებას ვერ დავარქმევდი ჩვენს ურთიერთობას. უბრალოდ, პირველი შეხვედრიდანვე დადებითად განვეწყვე, ეიფორია დამეუფლა და სიმართლე გითხრა, იმ შეხვედრიდან არცერთი დღე არ გაგვიტარებია უერთმანეთოდ.
ვახო, როგორი დიასახლისია გვანცა?
გვანცა იდეალური დიასახლისია. მიყვარს მისი სალათები, რომელსაც ხშირად თვითონ იგონებს. უგემრიელეს წვნიანებს აკეთებს. თუ რამეს ამზადებს, ყველაფერი გემრიელი გამოსდის.
(გვანცა): ფიზიკურად არ მაქვს დრო, მუდამ სამზარეულოში ვიტრიალო. მაშინ ან სამსახურს უნდა გავანებო თავი, ან ბავშვს მოვაკლო ყურადღება. ამიტომ მირჩევნია, მეტი დრო ბავშვთან გავატარო. გვყავს დამხმარე ადამიანები – ჩემი შვილის ძიძა (OK! შენიშვნა: გვანცას და ვახოს შვილს ერეკლე ჰქვია, რომელიც 2 წლისა და 8 თვისაა), რომელიც ძალიან მეხმარება, და რა თქმა უნდა მშობლები, განსაკუთრებით – ვახოს დედ-მამა.
მეორე ბავშვის გაჩენას არ გეგმავთ?
(ვახო): დიახ, ვფიქრობთ. ერეკლე უკვე დიდი ბიჭია – ბაღში წავიდა. ადრე გვანცას ვუფრთხილებოდი, ასაკის გამო, თან მინდოდა კარიერის კუთხით მეტისთვის მიეღწია. დღეს მეტნაკლებად უკვე მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება და ვფიქრობ, დროა მეორე შვილის გაჩენაზე დავფიქრდეთ.
(გვანცა): უფრო მეტად ერეკლეს გამო დავფიქრდით. მიუხედავად იმისა, რომ ბაღში ბავშვებთან აქვს კონტაქტი, ვხვდებით – სჭირდება ძამიკო ან დაიკო. ამბობს ხოლმე: პატარა რომ გვეყოლება, შუაში ჩავიწვინოთო.
(ვახო): ერეკლე ასაკით პატარაა, მაგრამ აზროვნებით დიდ ადამიანს არ ჩამოუვარდება. ზოგჯერ მისი ქცევები მაოცებს. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, უფროსების სიცილს უმიზეზოდ ავყვებოდი ხოლმე. ერეკლეს რაც შეეხება, თუ ვერ მიხვდა რაზე ვიცინით, გამორიცხულია აგვყვეს. აუცილებლად თვითონაც უნდა ხვდებოდეს, რაზეა საუბარი. სხვა შემთხვევაში, არ გაიცინებს.
(გვანცა): ყველაზე მეტად რაც მომწონს ჩვენს პატარაში, იუმორის საოცარი გრძნობაა. ძალიან თბილია, მაგრამ გარშემომყოფებისგან ასმაგ სითბოს ითხოვს. ერეკლე უზომოდ პრინციპული ბავშვია. ყოველთვის იცის, რა უნდა და არასდროს მიიღებს უარგუმენტო პასუხს.
(ვახო): მე და ერეკლე ძმაკაცები ვართ! გამორიცხულია, რაიმე თემაზე სერიოზულად დაველაპარაკო და არ გაიგოს...