მოდელი და ტელესახე, რუსა ჩაჩუა დღეს OK!-ს სტუმარია. ამ ულამაზესმა ქალბატონმა სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის საკუთარი ოჯახის შესახებ ვრცლად ისაუბრა და შვილები უკეთ გაგვაცნო.
„სამი შვილის დედა ვარ. უფროსი - თაზო, 14 წლისაა, შუათანა - ნადია, 6 წლის, ხოლო ნაბოლარა - ნატაშა, 5 თვის. არაჩვეულებრივი დედაშვილობა გვაქვს, ვართ მეგობრები და ადვილად ვპოულობთ საერთო ენას. ხანდახან ვეჩხუბები კიდეც, რადგან ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ საერთო ჯამში, ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს და ყველაზე მეტად მათთან გატარებულ დროს ვაფასებ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თავისუფალი დრო შვილებს მაქსიმალურად დავუთმო. თაზო უაღრესად გაწონასწორებული ადამიანია, უყვარს წესრიგი. ნადინკა ძალიან მხიარულია, ყოველთვის კარგ გუნებაზეა და გარშემომყოფებსაც პოზიტიურ განწყობაზე აყენებს. თაზოც და ნადინკაც პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან. გვიყვარს კინოთეატრში სიარული. კვირა დღე, მთელი ოჯახისთვის განსაკუთრებულია. ამ დღეს, უპირობოდ, ყველა ერთად ვიკრიბებით და სასადილოდ სადმე მივდივართ. კვირა ჩვენი საყვარელი დღეა“, - განაცხადა რუსა ჩაჩუამ OK!-სთან საუბრისას.