სოფი ლორენი გუშინ ღამით საქართველოს ესტუმრა, ის მონაწილეობას მიიღებს ნინო სურგულაძის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, ამიტომ OK!-მ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ საინტერესო ფაქტები ამ ყველა დროის უმშვენიერესი ქალბატონის ცხოვრებიდან!
სოფი ლორენის ცხოვრება და ეპოქალური შემოქმედება ერთადერთი და განუმეორებელია. მას ყოველთვის სწამდა ბედისწერის. როგორც თავად ამბობს, „თუკი ბედისწერამ სექსსიმბოლოდ გაგაჩინა, არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების როგორი გზა უნდა განვლო – 100 წლის ასაკშიც კი ეს ღირსეული სტატუსი შენია“. ამით მან ფაქტობრივად საკუთარი მომავალი იწინასწარმეტყველა. 81 წლის კინოლეგენდა დღესაც გასაოცრად მომხიბლავი და პოპულარულია. მსახიობი, რომელმაც კინემატოგრაფიის ისტორიას 100-ზე მეტი განუმეორებელი კინოგმირი აჩუქა და უამრავი დამსახურებული ჯილდო მიიღო, ბოლომდე თავმდაბალ ადამიანად და შვილებისთვის თავდადებულ დედად დარჩა.
იტალიური კინოს ლეგენდა, სექსსიმბოლო და „ოსკაროსანი“ მსახიობი სოფი ლორენი, იგივე სოფია ვილანი შიკოლონე 1934 წლის 20 სექტემბერს, რომში დაიბადა. სოფიას მამამ – რიკარდომ უარი თქვა დაქორწინებულიყო ვილანიზე, რომელთანაც სოფიას გარდა, მეორე ქალიშვილი – მარიაც ჰყავდა. გოგონები ბებიასთან, ნეაპოლის მახლობლად, პოცუოლიში, უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდნენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს სოფიას ოჯახი ნეაპოლში შორეული ნათესავების ოჯახმა შეიფარა. ომის შემდეგ ისინი კვლავ პოცუოლიში დაბრუნდნენ, სადაც ლორენის ბებიამ მათივე სახლში პატარა პაბი გახსნა. პაბში შინ დამზადებულ ალუბლის ლიქიორს ყიდდა. ვილანი ფორტეპიანოზე უკრავდა, მარია მღეროდა, სოფია კი კლიენტებს ემსახურებოდა და ჭურჭელს რეცხავდა – ასეთი იყო მსოფლიო კინოს ლეგენდის ცხოვრების პირველი 13 წელი.
სოფი უკიდურესად გამხდარი ბავშვი ყოფილა. იმდენად გამხდარი, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად „ჩხირს“ ეძახდნენ. „ის იყო ყველაზე უშნო ბავშვი, ვინც ოდესმე მინახავს“, – ასე იხსენებს მის ბავშვობას ძიძა. თუმცა, 13 წლის ასაკიდან „ყველაზე უშნო ბავშვი“ თვალსა და ხელს შუა შეივსო, დაქალდა და დამშვენდა.14 წლის იყო სოფია, როცა კონკურსში „მის იტალია –1950“ მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა. მისი კინოკარიერა ერვინ ლეროის ფილმში შესრულებული პირველი როლიდან იღებს სათავეს, რის შემდეგაც ულამაზესმა, ნიჭიერმა გოგონამ კინემატოგრაფისტთა ყურადღება მაშინვე მიიპყრო.
1950-იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც ითამაშა ფილმებში „ბიჭი დელფინზე“ და „სიამაყე და ვნება“, სადაც კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად ითამაშა. ფილმის გადაღების პერიოდში ლორენსა და გრანტს შორის გაჩაღებული მხურვალე რომანი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ სასიყვარულო ისტორიადაა აღიარებული.
Paramount Pictures-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლორენი საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გახდა. მან მონაწილეობა მიიღო საყოველთაოდ ცნობილ ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „სურვილი თელების ქვეშ“, ენტონი პერკინსთან ერთად, „მცურავი სახლი“ – რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად, ჯორჯ კიუკორის ფილმში „ჰელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში“, სადაც იგი პირველად გამოჩნდა ქერა თმით.
1960 წელს ლორენმა ითამაშა ვიტორიო დე სიკას უკვდავ დრამაში „ორი ქალი“, რომელმაც უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის – კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალებზე. ლორენმა ფილმში განსახიერებული როლისთვის ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – „ოსკარი“ დაიმსახურა კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“. ეს გახლდათ აკადემიის მიერ უცხოენოვანი შესრულებისთვის პირველად გაცემული ჯილდო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ფილმში ლორენის მიერ შესრულებულ დედის როლში მსახიობი ანა მანიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ანამ დაიწუნა სოფის გარეგნობა და მოითხოვა, რომ არა მას, არამედ ლორენს შეესრულებინა ფილმში დედის როლი, ხოლო თავად – შვილის. ვიტორიო დე სიკამ ვერაფრით დაიყოლია გაჭირვეულებული ვარსკვლავი და საბოლოოდ ლორენმა ითამაშა მის კარიერაში გადამწყვეტი – დედის როლი, რამაც არნახული წარმატება მოუტანა.
1960-იანი წლების განმავლობაში, სოფი ლორენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი გახდა მსოფლიოში. ამერიკელი და ევროპელი რეჟისორები საუკეთესო როლებს სთავაზობდნენ, სოფი კი შეუდარებელი ნიჭიერებითა და მონდომებით თამაშობდა. 1964 წელს სოფიმ კარიერის მწვერვალს მიაღწია როლით ფილმში „რომის იმპერიის დაცემა“, რომელშიც მან იმ დროისათვის კოლოსალური ჰონორარი – მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
1960-იან წლებში სოფიმ მაშინდელი კინემატოგრაფიის სუპერცნობილ სახეებთან პარტნიორობით, შეასრულა როლები ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა: „მილიონერი ქალი“ პიტერ სელერსთან ერთად, „ეს დაიწყო ნეაპოლში“, კლარკ გეიბლთან ერთად, ვიტორიო დე სიკას „გუშინ, დღეს, ხვალ“, მარჩელო მასტროიანთან ერთად, პიტერ უსტინოვის „ლედი ლ’“, პოლ ნიუმენთან ერთად,1966 წლის კლასიკაში „არაბესკა“, გრეგორი პეკთან ერთად, და ჩარლი ჩაპლინის ფინალურ ფილმში „გრაფინია ჰონგ კონგიდან“, მარლონ ბრანდოსთან ერთად.
ლორენი მხოლოდ ერთხელ გათხოვდა და მთელი ცხოვრების მანძილზე ქმრის ერთგული დარჩა. სოფი ცნობილ იტალიელ პროდიუსერს – კარლო პონტის პირველად 1950 წელს შეხვდა. მაშინ ის 15 წლის იყო, კარლო კი 37-ის. მათ 1957 წლიდან ერთად ცხოვრება დაიწყეს, თუმცა პონტი ჯერ კიდევ პირველ ცოლზე – ჯულიანაზე იყო დაქორწინებული, რადგან იტალიური კანონი არ აძლევდა ცოლთან განქორწინების უფლებას. მხოლოდ 1962 წელს შეძლო კარლომ თავისი პირველი ქორწინების ანულირება საფრანგეთში და 4 წელიწადში საყვარელ ქალზე დაქორწინდა. წყვილს ორი ვაჟი გაუჩნდა – კარლო პონტი უმცროსი და ედოარდო პონტი.
შვილების გაჩენის შემდეგ, ლორენი, რომელიც შესანიშნავი დედა აღმოჩნდა, მცირე ხნით ჩამოშორდა კინოინდუსტრიას, რადგან ბავშვების გაზრდით იყო დაკავებული. გარკვეული პაუზის შემდეგ მან კვლავ განაახლა თავისი უნაკლო კარიერა და კინოსამყაროს კიდევ ბევრი დაუვიწყარი როლი შემატა.
2007 წელს სოფის საყვარელი ქმარი კარლო ფილტვების დაავადების გართულებისგან გარდაიცვალა. 2009 წელს, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, სოფის ჟურნალისტმა ჰკითხა, უფიქრია თუ არა ვარსკვლავს კვლავ დაქორწინებაზე, რაზეც ლორენმა გადაჭრით უპასუხა: „არა, არასოდეს. შეუძლებელია მიყვარდეს ვინმე სხვა. მე მხოლოდ კარლო მიყვარდა და მიყვარს“.
სოფი ლორენი დღემდე შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობს. მას ასევე აქვს სახლები ნეაპოლსა და რომში.
სოფი საფეხბურთო კლუბ S.S.C.Napoli-ს უდიდესი ფანია. 2007 წლის მაისში, როცა კლუბი სერია B-ს ფინალში გადავიდა, ის Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტს დაპირდა, რომ მხურვალე სტრიპტიზს შეასრულებდა, თუკი გუნდი ფინალისტი გახდებოდა.
72 წლის ასაკშიც კი, უმშვენიერესმა სოფიმ Pirelli-ს კალენდრისთვის პენელოპე კრუზთან და ჰილარი სუონკთან ერთად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მართლაც გასაოცარი თავდაჯერებულობაა! თუმცა, ის ხომ სოფი ლორენია – სილამაზისა და სექსუალურობის სრულქმნილი სახე, რომელმაც მშვენიერების ყველაზე დაუნდობელი მტერი – დროც კი დაამარცხა.
სოფი რომის კათოლიკური ეკლესიის გულმხურვალე მრევლია, თუმცა ყოველთვის საკმაოდ ბევრს ჭორაობდნენ ლორენის ცხოვრების წესისა და მისი ჩაცმულობის სარწმუნოებასთან შეუთავსებლობაზე.
ბუნებით კეთილი და ხალისიანი სოფი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ბედნიერება ადამიანის შინაგან ბუნებასა და განწყობაში ძევს. ყოველთვის, როცა მის იდეალურ გარეგნობასა და ფიგურაზე ეკითხებოდნენ, იგი ხუმრობით პასუხობდა: „ყველაფერს, რასაც თქვენ უყურებთ, გემრიელი პასტას და ხალისიანი განწყობის შედეგია“.
დღესაც, ჟენევის აპარტამენტებში მცხოვრები ყველა დროის ულამაზესი მსახიობი ცხოვრებას ბედნიერების სრულფასოვანი შეგრძნებით განაგრძობს და ცდილობს, სიცოცხლის ყოველ წუთსა და წამში მშვენიერება და სიამოვნება დაინახოს. „მე ყოველთვის დილით ადრე ვიღვიძებ და მაშინვე ვდგები ლოგინიდან. იცით, ხანდახან არც მინდა ეს, რადგან ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, რომ ლოგინში გვიანობამდე დავრჩე, ვინებივრო და უარი ვთქვა ვარჯიშზე, მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებ. ამის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში დავდივარ პარკში და ვფიქრობ: შეიძლება აქვე, კუთხის მიღმა რაიმე ძალიან ლამაზს და სასიამოვნოს წავაწყდე... მე ყოველთვის დადებითზე ვფიქრობ და პოზიტივით ვცხოვრობ, ძალიან იშვიათად მნახავთ მოწყენილს ან მელანქოლიურ მდგომარეობაში“, – ამბობს სოფი ლორენი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.