ქართული OK! წარმოგიდგენთ ადამიანს, რომლის უპირველესი სამსახურებრივი მოვალეობა და საზრუნავი ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური გარემოს დაცვაა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – ბატონი გიგლა აგულაშვილი სიამოვნებით გვესაუბრა სამინისტროს მთავარ პრიორიტეტებზე, პროექტებზე, ასევე ოჯახსა და საკუთარ გატაცებაზე, რომელსაც სიამოვნებით უთმობს თავის საკმაოდ მწირ და შესაბამისად, ძვირფას თავისუფალ დროს.
ბატონო გიგლა, გააცანით ჩვენს მკითხველებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ის მიმდინარე პროექტები, აქციები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გარეშე პირისთვის, ალბათ, წარმოუდგენელია, შეაფასოს სამინისტროს საქმიანობის სრული სპექტრი და მრავალფეროვნება. ჰაერი – ეს თემა განსაკუთრებით აწუხებს დღეს საზოგადოებას, რომლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, და ვცდილობთ ყოველთვის მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. ჰაერის დაბინძურების შესაჩერებლად საკმაოდ დიდ პროექტებზე ვიმუშავეთ, გავაფართოვეთ დაკვირვების, მონიტორინგის არეალი, შევქმენით ავტომატური სადგურების ერთგვარი სტრუქტურა. დავიწყეთ ინდიკატორული გაზომვები ქვეყნის ძალიან ბევრ ქალაქში და შევქმენით მოძრავი ლაბორატორია, რომლის საშუალებით ვახორციელებთ ხოლმე შემოწმებას. ამჟამად შემუშავებულია უწყებათაშორისი 50-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
რას გვეტყვით გამწვანების თემაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის?
უდიდესი მნიშვნელობის საკითხია ტყესა და ზოგადად გამწვანებაზე, მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე ზრუნვა, რაც ჩვენ მიერ უმთავრესად სწორი სოციალური აქცენტების გატარებით ხორციელდება. ქართველებს მართლაც უნიკალური ტყეები გვაქვს, რომლის ხელშეუხებლობას დაცვა სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში არის ხელოვნურად განახლებული ტყეებიც. მათ შორის, თუ დააკვირდებით, თბილისში, მთაწმინდის ირგვლივ ტერიტორიაზე ხელოვნურად გაშენებული ნარგავებია. გვაქვს უნიკალური დაცული ტერიტორიები, რომელსაც ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ცალკე სააგენტო მართავს. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ, ეროვნული საშენი მეურნეობაა – სანერგე, სადაც ამჟამად 104 სახეობის 500 000 ნერგი გამოგვყავს წელიწადში, რომლებიც ძირითადად რეკრეაციულ ადგილებსა და ტყის ფონდში მიემართება.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის მაისის ნომერში...