ქართული OK!-ის სტუმარი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე – შომბი შარპი და მისი არაჩვეულებრივი ოჯახია. ბატონი შარპი უკვე რამდენიმე წელია გაეროს საქართველოს წარმომადგენლობაში საქმიანობს და ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მას ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონს და მოხარულია, რომ საკუთარი უშუალო ჩართულობით ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი ხორციელდება. გთავაზობთ ბატონ შარპთან ექსკლუზიურ და ძალიან საინტერესო ინტერვიუს.
ბატონო შომბი, მოგვიყევით თქვენს მშობლებზე, დაბადების ადგილსა და ბავშვობაზე.
ლოს-ანჯელესში დავიბადე. როგორც წესი, ბევრ ადამიანს აბნევს ჩემი სახელი და ფიქრობენ, რომ წარმოშობით იაპონიიდან ან აფრიკიდან უნდა ვიყო, შემდეგ კი უკვირთ, როდესაც მხედავენ. დედაჩემმა – ხელოვანმა ადამიანმა, დამარქვა ეს არასტანდარტული სახელი, რომლის ჟღერადობა ძალიან მოსწონდა. ასეთი უჩვეულო სახელი სავსებით შეესაბამება ჩემს საქმიანობას გაეროში, სადაც ყველანაირ სახელს შეხვდებით. ხანდახან ვფიქრობ – იქნებ ეს ჩემი ბედი იყო? დედაჩემი ჩემში შემოქმედებით საწყისს აღვივებდა, ხოლო მამაჩემმა, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, დისციპლინას მიმაჩვია. აღზრდის თვალსაზრისით, ეს კარგი კომბინაციაა. უმეტესწილად, კანზას სიტიში გავიზარდე, ასე რომ, უფრო მეტად დასავლეთელი ვარ.
გააცანით ქართული OK!-ის მკითხველებს თქვენი საქმიანობა, კარიერული წინსვლა.
თავიდან სრულიად სხვა სფეროში დავიწყე საქმიანობა. კერძოდ – სარეკლამო ბიზნესში. ეს ჩემი კარიერის დასაწყისი იყო. მაშინ საერთაშორისო ბიზნესი მაინტერესებდა, თუმცა ყოველთვის გატაცებული ვიყავი სხვადასხვა კულტურის შესწავლით, განსხვავებული ეროვნების ხალხთან ურთიერთობით. შემდეგ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს – სარას, და სწორედ იმ პერიოდში დავფიქრდი, რომ შესაძლოა ჩემი სამსახური დამეკავშირებინა სრულიად სხვა სფეროსთან, რაც ორმაგად გამაბედნიერებდა – შევძლებდი მემოგზაურა, უამრავი ადამიანი გამეცნო და, რაც მთავარია, – პირდაპირი სარგებლობა მომეტანა ადამიანებისთვის და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. ასე მივატოვე სამსახური, დავქორწინდი და გავემგზავრე ზიმბაბვეში, CARE INTERNATIONAL-ის მოხალისედ. ეს იყო, ალბათ, ყველაზე რთული, მაგრამ, ამავდროულად, საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია. მახსოვს, მამაჩემი განცვიფრებული იყო ჩემი მოულოდნელი სატელეფონო ზარით, რომლითაც ვატყობინებდი, რომ ოჯახს ვქმნიდი და სამსახურს ვიცვლიდი. შემდეგ არაჩვეულებრივი 4 წელი გავატარე ზიმბაბვეში, სადაც შემეძინა პირველი შვილი – ჩემი ვაჟი. ამის შემდეგ, ოჯახთან ერთად კოლორადოში დავბრუნდი. გავიღრმავე განათლება – გავხდი ეკონომიკის მაგისტრი და დავიწყე მუშაობა UNDP-ში. და დღეს უკვე აქ გრძელდება ჩემი კარიერა. სამი წელია, რაც თბილისში ვარ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის მაისის ნომერში...