თუ გაქვს იდეა, თავისუფალი სივრცე და გვერდით გყავს შრომისმოყვარე, შემოქმედებითი ადამიანები, შეუძლებელი არაფერია. როგორ გაჩნდა საინტერესო პროექტების იდეები, ახალი მიზნები, ამოცანები, და როგორ იღებდა საბოლოო სახეს ეს ყველაფერი 1990-იანი წლებიდან დღემდე. ნინო დარასელი და მისი გუნდი წლების მანძილზე ქმნიდნენ ყველასთვის საინტერესო, ახალ და ინოვაციურ ამბებს ჩვენთვის.
ძალიან საინტერესო ოჯახში გაიზარდეთ. როგორ გახსენდებათ ბავშვობა?
ჩემს ოჯახზე საუბრისას პირველი ყოველთვის მახსენდება სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდი და დღემდე მომყვება. ჩემი დიდი ბებია და ბაბუა, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ყოველთვის ცდილობდნენ შეექმნათ ის საოცარი სივრცე, რომელშიც მე ვიზრდებოდი. აურა და ენერგია დღემდე მომყვება. მახსოვს, ჩემს თავს ვეკითხებოდი – შეიძლება ადამიანი ასეთი ბედნიერი იყოს? მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა იცვლება – შენი საყვარელი ადამიანები, უბრალოდ, ქრებიან. ეს ემოცია, სიყვარული, რომელიც ბავშვობიდან გამომყვა, დღემდე მაძლევს ძალას. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი მამაჩემმა ითამაშა. რაც მეტად ვუახლოვდები ზაზას ასაკს, მით უფრო მიკვირს, როგორ მოასწრო ამდენი საქმის გაკეთება და სიკეთის დატოვება. ძალიან ხშირად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები იხსენებენ სხვადასხვა ისტორიას, რომელიც მამას უკავშირდება, და გულწრფელად უხარიათ ჩემი დანახვა.
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ოჯახის, შვილების შემდეგ?
ორი შვილი მყავს – 23 წლის ზაზუკა და 8 წლის მარიტა. რაც დრო გადის, მეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ვხვდები, რომ მეც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ორივე შვილისგან და ეს პროცესი ორმხრივია. სიკვდილის შიში და სხვა ემოციები მეტად გამიმძაფრდა. ყველაფერი მათზეა მორგებული. საკუთარი თავის მიმართაც შემეცვალა დამოკიდებულება, რადგან მარტო აღარ ვარ. ოჯახი და ბავშვები თითოეული ჩვენგანის რეალობას ცვლიან.