ქართული OK! ჩვენი ტელესივრცის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახეს – ინგა გრიგოლიას მყუდრო რესტორან DINEHALL-ში შეხვდა. ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ლაღია და ხალისიანი. რაც მთავარია, ახალი ენერგიით აღსავსე და სრულ მზადყოფნაში, რომ კიდევ ერთხელ გააცოცხლოს ეკრანზე თავისი საავტორო და ქართველებისთვის ასე ნაცნობი და საყვარელი თოქ-შოუ „რე-აქცია“. ინგა სიამოვნებით გვესაუბრა გადაცემის ახალ ფორმატსა და თავისებურებებზე.
ინგა, ძალიან მალე TV პირველის ეთერში „რე-აქცია“ ბრუნდება. როდის გავა პირველი გადაცემა?
სავარაუდოდ 28 თებერვლიდან, ანუ ძალიან მალე ვიქნებით პირდაპირ ეთერში. თუმცა, ამჟამად ისეთი აქტუალური ამბები ხდება ქვეყანაში, რომ შინაგანად მზად ვარ, დაუსრულებელი სტუდიიდანაც კი გავიდე ეთერში. კვირაში ორჯერ იგეგმება თოქ-შოუს ჩატარება – სამშაბათს და პარასკევს. გადაცემა ეთერში აბსოლუტურად ძველი ფორმატით დაბრუნდება. მახსოვს, როცა დახურეს, მაშინ ვთქვი, რომ რადაც უნდა დამჯდომოდა, აუცილებლად კიდევ გავაკეთებდი „რე-აქციას“. დახურვის შემდეგ მეყო გამოცდილება, წინდახედულება, და ეს ბრენდი დავაპატენტე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილისთვის არ მაქვს იმდენი ენერგია დახარჯული, რამდენიც „რე-აქციისთვის“. მახსოვს, ადრე, პირველი ეთერისთვის მზადების პროცესში რომ ვიყავი, სამი დღე და ღამე არ წავსულვარ შინ და ერთხელ, როცა ჩემმა შვილმა დამირეკა – რაღაც პრობლემა მაქვს სკოლაშიო, მისთვისაც კი ვერ მოვიცალე, ბებიასთან გადავამისამართე. მართლაც ბევრი სასიცოცხლო ენერგია მაქვს ჩადებული ამ გადაცემაში და ახლა უკვე ოფიციალურადაც დავისაკუთრე.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის მარტის ნომერში...