ქართული OK! ყველასთვის ცნობილ, პოპულარულ ქართველ რეჟისორს და თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს – ქალბატონ ქეთი დოლიძეს ეწვია. რეჟისორმა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა, თუმანიშვილის თეატრში მყუდრო და ლამაზ კაბინეტში გვიმასპინძლა და თავისი საინტერესო, მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრების დეტალებსა და მიმდინარე პროექტებზე სიამოვნებით გვესაუბრა.
ქალბატონო ქეთი, თუ შეიძლება თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაზე გვესაუბრეთ, რომელშიც თეატრთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ფესტივალ „საჩუქარსაც“ უჭირავს.
მე მგონია, რომ დიდი პროვოკატორი ვარ, რადგან ვიყავი პირველი რეჟისორი, რომელმაც უცხოელი რეჟისორი დაპატიჟა ქართულ სცენაზე. ეს იყო არაჩვეულებრივი ხელოვანი მიხაილ მარმარინოსი, რომლის გავლენაც 1998 წლიდან მოყოლებული ძალიან დიდია ქართულ სცენაზე. მან არა მხოლოდ რეჟისურაზე, არამედ დრამატურგიაზეც იქონია გავლენა. მაგალითად, უნიჭიერეს დათო გაბუნიას შემოქმედებაში შემიმჩნევია მარმარინოსით ინსპირაცია. საქართველოს თეატრალური სივრცე საკმაოდ ჩაკეტილი წრეა და კარგია, რომ ნელ-ნელა ეს რეალობა იცვლება. უნდა აღვნიშნო, რომ მარმარინოსს ადვილად არ შეხვდა ქართველი მაყურებელი, თუმცა კრიტიკოსებმა ერთხმად მიიღეს ის და მისი სპექტაკლი. ეს გარდამტეხი მომენტი იყო ჩვენი თეატრისთვის.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიხაილ მარმარინოსი „საჩუქარის“ დირექტორია.
დიახ, ასეა. რაც შეეხება ფესტივალს „საჩუქარი“, ის უმაღლეს დონეზე, ექსტრაკლასის მონაწილეებზეა ორიენტირებული. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც აღდგა ფესტივალი, ჩვენ სტაბილურად გვაქვს ძალიან მაღალი დონე და გვყავს უნიჭიერესი მონაწილეები აშშ-დან, რუსეთიდან თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. უცხოელი ექსპერტების თქმითაც, ეს ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მიხაილი „საჩუქარის“ უცვლელი მონაწილე და დირექტორია. 2001 წელს მან შექმნა ძალიან საინტერესო სპექტაკლი – „ეროვნული ჰიმნი“. სხვათა შორის, დათა თავაძის სპექტაკლი „პრომეთე“ ძალიან მაგონებს ამ სპექტაკლს და მიხარია, რომ დათაც შთაგონებულია ამ სპექტაკლით. „ეროვნული ჰიმნი“ იყო ნამდვილი შედევრი, რომელიც საქართველოს და ქართველების ტკივილს ასახავდა. მიხაილის შემდეგ იყო უკვე იტალიური სეზონი და მოვიწვიე უნიჭიერესი იტალიელი რეჟისორი მიქელე პანელა.
რა პროექტებზე მუშაობთ თუმანიშვილის თეატრში?
თებერვალში მიხაილ მარმარინოსი დადგამს სპექტაკლს „სტალინი“, რომელიც უკვე ითამაშეს ათენში და იქ დიდი წარმატება ხვდა წილად.
გარდა ამისა, გამიჩნდა სურვილი, რომ მოვიწვიო ძალიან კონტროვერსიული და სკანდალური რეჟისორი – ანდრი ჟოლდაკი, რომელიც დადგამს საოცრად საინტერესო სპექტაკლს. ეს იქნება დღევანდელი თბილისის ერთი დიდი ოჯახის ცხოვრება, რომელსაც შეადგენენ მოხუცი დედა, შვილები, ნათესავები. წარმოიდგინეთ სოლოლაკის ძველი სახლი ანტრესოლებით, მეორე სართულით... სწორედ ამგვარ გარემოში განვითარდება ოჯახის ისტორია.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის თებერვლის ნომერში...