ქართული OK! ამჯერად ექიმების პოპულარულ ოჯახს ეწვია. ცნობილმა ენდოკრინოლოგმა – ქეთევან ასათიანმა და ჩიჩუების მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის „მზერა“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჩიჩუამ სამ შვილთან ერთად საკუთარ მყუდრო ბინაში გვიმასპინძლეს. ქეთი და გიორგი საკმაოდ საინტერესო და ხალისიანი მოსაუბრეები აღმოჩნდნენ და დიდი სიამოვნებით გვიამბეს თავიანთი სიყვარულის ისტორიის, საქმიანობისა და ოჯახის შესახებ. OK! გთავაზობთ ოჯახთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.
ქეთი, გიორგი, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
(ქეთი): ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით.
(გიორგი): 1992 წლის 7 მარტს ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე მივედი. მხიარული განწყობა მქონდა, ვინაიდან ოდნავ ნასვამი ვიყავი. მრავალრიცხოვან სტუმრებში მალევე გამოვარჩიე ერთი მშვენიერი, ჩემთვის უცნობი გოგონა. გადავწყვიტე, რომ გამეცნო, მაგრამ უეცრად მარცხი განვიცადე – ღვინით სავსე ხელადას ხელი გავკარი და მთელი შიგთავსი კაბაზე გადავასხი. ამან საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია, გოგონა შეწუხდა და ღვინის ლაქების მოცილებას ცდილობდა. ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც შევიტყვე, რომ ის ჩვენი რექტორის – არჩილ ასათიანის ქალიშვილი იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი.
როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია? როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?
(ქეთი): ჩვენი ამ ფორმით გაცნობის მეორე დღესვე გიორგი შემხვდა სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში. მაშინ მე პირველ კურსზე ვიყავი, ხოლო გიორგი უკვე კურაციოებს გადიოდა სხვადასხვა კლინიკაში და ინსტიტუტში, ფაქტობრივად, ძალიან იშვიათად უხდებოდა ყოფნა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ხშირად მხვდებოდა იქ.
(გიორგი): „განცდილი მარცხის“ შემდეგ ვცდილობდი, და საამისოდ მიზეზებსაც ვპოულობდი, რომ ინსტიტუტში მივსულიყავი, სადაც საკმაოდ ხშირად ვხვდებოდი ქეთუშას. მოგვიანებით, მის მიმართ ჩემი სიმპათიები, როგორც ჩანს, „უფრო მეტში“ გადაიზარდა. შემდეგ მე სწავლა განვაგრძე ასპირანტურაში, მოსკოვში, ჰელმჰოლცის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ასპირანტურის კურსის დასრულების შემდეგ დავბრუნდი თბილისში, მოვიპოვე DAAD-ის სტიპენდია, რაც გულისხმობდა ერთი წლის ვადით გერმანიაში, ტიუბინგენის თვალის კლინიკაში მუშაობას. ამან დააჩქარა ჩემ მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ დავქორწინებულიყავი ქეთუშაზე და ახლადშექმნილი ოჯახით გავმგზავრებულიყავი გერმანიაში. ასეც მოხდა ყველაფერი.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის თებერვლის ნომერში...