თუ სოციალურ მედიაში აქტიურად ხართ ჩართული, ვერაფრით დაგრჩებოდათ ყურადღების მიღმა ინსტაგრამზე ჯანლუკა ვაკის ფენომენი. ჯანლუკას და მისი ულამაზესი საცოლის – ჯორჯას ულამაზესმა, რიტმულმა ცეკვამ სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე მილიონობით ადამიანი მოხიბლა. წინასაახალწლოდ ერთ-ერთმა ქართულმა ბანკმა დიდი სიურპრიზი მოუწყო თავის მომხმარებლებს და თავის ტრადიციადქცეულ საახალწლო რეკლამაში სანტას როლში თავად ინსტაგრამის ვარსკვლავი – ჯანლუკა მოიწვია, ფიფქიას როლი კი უმშვენიერესმა ჯორჯამ სიამოვნებით მოირგო.
ქართული OK! წარმოგიდგენთ ჯანლუკა ვაკისთან უახლეს, ექსკლუზიურ ინტერვიუს. ეს უსაზღვროდ პოპულარული ადამიანი, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს, ძალიან იღბლიანი, მდიდარი, ჯანმრთელი, უზომოდ პოპულარულია, ულამაზეს მეგობარ ქალთან ერთად, გარშემო მეგობრებისა და ახლობლების არმიით. ყველაფერთან ერთად, იგი საოცრად მშრომელი, გონიერი, სასიამოვნო და მომხიბლავი მამაკაცია.
ჯანლუკა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პრესიდან შევიტყვეთ, რომ გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდით ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ახლა ხომ კარგად ხართ?
დიახ, უკვე კარგად ვარ, ბოლომდე გამოვჯანმრთელდი.
როგორც კი სიცხე ვიგრძენი, მაშინვე მივაკითხე საავადმყოფოს, რადგან ადამიანების 40%, რომელთაც იგივე ვირუსი შეხვდათ, რომელიც მე, პირველ 72 საათში გარდაიცვალნენ. ახლა სიცოცხლისთვის მეტი ენთუზიაზმი მაქვს, უფრო მეტად ვაფასებ ცხოვრებას – თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ის ჩემთვის.
შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენს ბავშვობაზე? როგორ და რა პირობებში გაიზარდეთ.
მე საშუალო მეწარმეების ოჯახში გავიზარდე. ჩემს ბავშვობაში დიდი ადგილი ეჭირა სპორტის სამყაროს. სპორტი ძალიან დამეხმარა ჩამოყალიბებაში, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში ბევრ რამეში შემიწყო ხელი, მათ შორის – ბიზნესის სამყაროშიც კი. სანამ 18 წლის გავხდებოდი და უნივერსიტეტში გამოცდებს ჩავაბარებდი, თხილამურებზე აქტიურად ვსრიალებდი. შემდეგ ვისწავლე ეკონომიკა და უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 25 წლის ასაკში დავიწყე საოჯახო კომპანიაში მუშაობა, სადაც ახლაც მაქვს ჩემი წილი. 1995 წელს კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიტანე. ვმუშაობდი სტრატეგიისა და დაგეგმარების დეპარტამენტში, შემდეგ ვიყავი ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვისწავლე საფონდო ბირჟისა და ბიზნესის სხვა ასპექტების შესახებ.
3 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დადგა დრო აღმომეჩინა საკუთარი ადგილი ბიზნესში და 12 სხვადასხვა სექტორში დავიწყე საინვესტიციო ბიზნესის განხორციელება. ყველაფერი კარგად დაიწყო და გაგრძელდა, მე კი კვლავ ბევრს
ვსწავლობდი. 2008 წელს Lehman Brothers-ის დაშლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კერძო საინვესტიციო ბიზნესი მეტისმეტად ბევრ რისკს შეიცავდა და კვლავ საოჯახო ბიზნესს დავუბრუნდი – ჩემი შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მისკენ მივმართე.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის თებერვლის ნომერში...