ჰოლივუდის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი – რაიან გოსლინგი პოპულარობის მწვერვალზე მიუზიკლ „ლა ლა ლენდის“ გამოსვლისთანავე მოექცა. ფილმმა „ოქროს გლობუსის“ 7 ნომინაციაში გაიმარჯვა და „ოსკარის“ დაჯილდოების მთავარ პრეტენდენტად არის აღიარებული. 35 წლის გოსლინგი უკვე 3 წელია ლოს-ანჯელესში თავის მეგობარ ქალთან – ჰოლივუდის 41 წლის ვარსკვლავ ევა მენდესთან და ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ქართული OK! გთავაზობთ მსახიობთან უახლეს ექსკლუზიურ ინტერვიუს.
რაიან, „ლა ლა ლენდმა“ ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მაყურებელი მოაჯადოვა. როგორ ფიქრობთ, რითი არის ეს ფილმი განსაკუთრებული?
მე ვფიქრობ, ადამიანებს განსაკუთრებით იტაცებს ფილმის ორ გმირს შორის ურთიერთობა. შესაძლოა ყველას არ უყვარდეს მიუზიკლი, მაგრამ ემოციურად საკმაოდ ახლოს დგანან მიასთან და სებასტიანთან. ძალიან მინდოდა ეს ფილმი გამოსულიყო ისეთი, რომელიც მაყურებელს ფილმის გმირებთან დააახლოებდა და მათთან ერთად ამოგზაურებდა.
როგორ ფიქრობთ, ნამუშევარში ძველი ჰოლივუდური ფილმების სულიც ხომ არ ტრიალებს?
მეც და დემიენსაც (დემიენ შაზელი – ფილმის რეჟისორი) ძალიან გვიყვარს ძველი ფილმები. დემიენს ჰქონდა ამბიცია ნაწილობრივ გაეცოცხლებინა ჰოლივუდის ძველი ფილმების სული ქალაქში, რომელსაც დიდ პატივს სცემს ლოს-ანჯელესში.
გმირებს შორის რომანტიზმის ამაღლებული შეგრძნება მაყურებელს კარგად აღაქმევინებს რეჟისორის მიერ შექმნილი ნოსტალგიის არაჩვეულებრივ განცდას. სწორედ ესაა მუსიკალური ჟანრისთვის დამახასიათებელი სილამაზე, როცა შეგიძლია ფანტაზიისა და დრამის ჰარმონიული კომბინირება, რომელიც ადამიანებს ემოციებს აღუძრავს.
ნანახი გაქვთ შაზელის წინა ფილმი – „უიფლეში“?
ძალიან მომწონს ეს ფილმი და მოუთმენლად ველოდი დემიენთან შეხვედრას, მასთან კონტაქტს, იდეების გაზიარებას. ჩვენ პირველად ჩემს სახლთან ახლოს, რესტორანში შევხვდით და მასთან საუბრის დაწყებისთანავე მივხვდი, როგორ ძალიან უყვარდა კინო და რამდენად დიდი იყო მისი სურვილი „ლა ლა ლენდისთვის“ ძველი თაობის ჰოლივუდური მაგია მიენიჭებინა. მას უნდოდა შეექმნა ისეთი სურათი, რომელიც ადამიანებს სრული განტვირთვის საშუალებას მისცემდა და მათ მოუნდებოდათ არა კომპიუტერში ან „აიფონში“ ეყურებინათ ამ ფილმისთვის, არამედ სხვა ადამიანებთან ერთად წასულიყვნენ კინოთეატრებში.
ყველა მოხიბლულია ფილმში თქვენი სიმღერითა და ცეკვით. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, თქვენ ცეკვის გამოცდილება უნდა გქონდეთ მოზარდობაში. ასეა?
დიახ. საკმაოდ დიდხანს დავდიოდი ბავშვობაში ცეკვაზე. ეს სკოლიდან თავის დაღწევის საშუალება იყო, სადაც ძალიან ცუდად ვიქცეოდი. ცეკვა დამეხმარა გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული, შემოქმედებითი და ექსპრესიული.
ფილმის გმირები უზომოდ წვალობენ სინჯების დროს. თქვენ ადრეც გისაუბრიათ მსახიობების დამცირებაზე. როგორ ფიქრობთ, ამ როლის შესრულებისას საკუთარი გამოცდილებაც ხომ არ გამოიყენეთ?
მართალი ხართ. დასაწყისში დემიენმა მე და ემას მოგვთხოვა მოგვეთხრო მისთვის ჩვენი ყველაზე ცუდად მოსაგონარი კინოსინჯების შესახებ. ჩემთვის ასეთი გამოცდილება იყო, როცა სინჯზე მთხოვეს შემესრულებინა შემდეგი როლი: უნდა გადმომეცა იმ პიროვნების ტკივილი და განცდა, რომელსაც ეს-ესაა გარდაეცვალა ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანი. მეც, ცხადია, შევედი როლში, დავიწყე ემოციურად ტირილი და სწორედ ამ დროს დარეკა ტელეფონმა. ქალმა – კასტინგის დირექტორმა უპასუხა და რამდენიმე წუთი გააგრძელა საუბარი, მე კი ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, გამეგრძელებინა თუ გავჩერებულიყავი. როცა საუბარს მორჩა, მთხოვა გამეგრძელებინა, რაც ვერაფრით შევძელი. მაშინ არ ვიყავი იმდენად კარგი მსახიობი და არც ახლა ვარ ისეთი პროფესიონალი, რომ ასეთი ემოციური როლი შევწყვიტო და მერე ისევ გავაგრძელო, თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა, როგორც ხედავთ, ეს ცუდი გამოცდილება მაინც გამომადგა ცხოვრებაში – ფილმზე მუშაობისას დამეხმარა.
ორი პატარა გოგონას მამა ხართ. როგორი გრძნობაა?
შესანიშნავი. მამობა იმაზე გაცილებით მეტ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე ოდესმე შემეძლო წარმომედგინა. ეს ყველაზე კარგი რამაა, რაც კი შეიძლებოდა ჩემს თავს მომხდარიყო. ახლა, როცა 2 გოგონა მყავს, ხშირად მუშაობას ან გარეთ გასვლას მათთან შინ დარჩენა მირჩევნია. მიყვარს, როცა უფროსს – ესმერალდას სხვადასხვა საინტერესო ამბავს ვუყვები. ძალიან ენერგიული და ცნობისმოყვარეა. აბსოლუტურად ყველაფერი აინტერესებს.
თქვენს მეორე ქალიშვილს ამადა ჰქვია. ვისი სახელი აქვს პატარას?
ამადა ევას ბებიის სახელია და ნიშნავს „საყვარელს“. ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც გავიფიქრეთ მაშინ, როცა ამადა პირველად დავინახეთ. ნამდვილი პატარა ანგელოზია.