ქართული OK! წარმოგიდგენთ ძალიან წარმატებულ ბიზნესმენს – ვახტანგ ფხაკაძეს, რომლის საქმიანობა თითქმის ყველა ქართველისთვის ცნობილ, საყვარელ და ძალიან სასურველ სფეროებს მოიცავს. „ლუტეცია“, „ივ როშე“, „მაკი“, „არომატეკა“, „ინტიმისიმი“, „კალცედონია“, – ეს იმ ქსელების არასრული ჩამონათვალია, რომლის საშუალებითაც ბატონი ვახტანგი ერთგულ გუნდთან ერთად სიამოვნებით უსრულებს მრავალ, სანუკვარ სურვილს ქართველ მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. გთავაზობთ ვახტანგ ფხაკაძეთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, საიდანაც შეიტყობთ, თუ რა გზა გაიარა ბიზნესმენმა დღევანდელი წარმატების მისაღწევად.
ბატონო ვახტანგ, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი ბრძანდებით. როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა და რას მოიცავს?
ჩემი საქმიანობა 1985 წლიდან დავიწყე, როცა დიდი ცვლილებები განხორციელდა საბჭოთა კავშირში. თავდაპირველად ვეწეოდი მეცნიერულ მოღვაწეობას, პროფესიით მათემატიკოსი ვარ და კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, მაშინ ფინანსების დიდი ნაკლებობა იყო. ერთი კეთილი ადამიანის მიერ ნასესხები 1500 ლარით დავიწყე მეგობრებთან ერთად პლასტმასის წარმოება. მალე ჩემი მეგობარი აღმოჩნდა პარიზში, რამაც 4 ადამიანს გადაგვაწყვეტინა დაგვეწყო ახალი საქმიანობა – სუნამოების წარმოება. ფლაკონებს ვუკვეთავდით იტალიაში, სუნამოები პარიზში იწარმოებოდა, რომელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ვაწვდიდით. შემდეგ დაგვებადა იდეა, რომ დაგვეწყო პროდუქციის დისტრიბუცია. პირველი ბრენდი, რომელიც შემოვიტანეთ, „სალვადორ დალი“ გახლდათ; შემდეგ იყო უკვე „კლარინსი“, „აზარო“, „პაკო რაბანი“. პროდუქცია საქართველოს გარდა რუსეთშიც გაგვქონდა. შემდეგ დავაარსეთ პირველი პარფიუმერიის ბუტიკი რუსეთში და საქართველოში, რუსთაველზე გავაკეთეთ პირველი პარფიუმერული სახლი. ასე ავიდგით ფეხი 1995 წლიდან. შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ „ივ როშეს“ მასტერ-ფრანჩეზერი გავხდით საქართველოში, რომლის პირველი მაღაზია უნივერმაღ „თბილისში“, 1 სართულზე გაიხსნა. ეს საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი იყო. ასე დაიწყო ყველაფერი.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის ფაქტორები, რომელმაც თქვენი წარმატება განაპირობა? თქვენი მთავარი მოტივაცია ბიზნესის კეთების დროს.
დაახლოებით 25 წელია ბიზნესში ვარ და ამ გადასახედიდან კარგად ვგრძნობ რა არის წარმატების საიდუმლო. ჩემი წინსვლა სავარაუდოდ იმან განაპირობა, რომ მაქვს ასეთი თვისება – კარგად ვიცი, რა მინდა და რაზე მივდივარ. გამორიცხულია გზიდან გადავუხვიო. მიზნისკენ სწრაფვა ჩემი სტიქიაა, შიში კი დიდი ხანია დაძლეული მაქვს. კიდევ ასეთი თვისება მაქვს – შესაძლოა ღამის სამ საათზე გამეღვიძოს და უცებ მომივიდეს ძალიან სასარგებლო და საჭირო იდეა. საწოლთან მუდამ მიდევს ბლოკნოტი, კალამი და ასეთ დროს ყოველთვის ვიწერ ხოლმე გონებაში დაბადებულ აზრს. ეს თვისება ჩემმა მათემატიკოსობამ განაპირობა. სხვათა შორის, ჩემმა პროფესიამ ისეთი თვისებები მომცა, რომელიც ბიზნესისთვის აუცილებელია. მყარად იდგე ფეხზე, გქონდეს მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად დაუღალავად იშრომო – ეს არის წარმატებული ბიზნესის გასაღები. მხოლოდ მშრომელ ადამიანს შეუძლია შედეგის მიღება, ნიჭი არ არის საკმარისი.
ძირითადი პრინციპები, რომელსაც არასოდეს ღალატობთ საქმიანობის დროს.
ჩემი ძირითადი პრინციპია, რომ დასახული მიზნიდან მარცხნივ ან მარჯვნივ არ გადავუხვიო. ასევე, გვერდით ვერ ვიჩერებ პიროვნებას, რომელსაც შრომა არ უყვარს. ჩემთვის მოღალატეა ადამიანი, რომელიც დამპირდება და შემდეგ სიტყვას გატეხს. საკმაოდ მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის და იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ჩემ გვერდით დგომა და საქმის კეთება სურთ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის იანვრის ნომერში...