25 წელი ეკრანზე – ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმის სიყვარულის შედეგად, საზოგადოებამ არაერთი საინტერესო პოლიტიკური თოქშოუ თუ დებატები იხილა. წელს ის უკვე პრეზიდენტის პრესსპიკერის რანგში ვიხილეთ. ეკა მიშველაძე ქართულ OK!-ის
საკუთარ კარიერაზე, იმედგაცრუებაზე, ოჯახზე და ერთ დროს მისთვის დაუჯერებელ, მაგრამ რეალობად ქცეულ სიყვარულზე ესაუბრა.
პროფესიაზე: „ყოველთვის ვამბობდი, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი სწორი გადაწყვეტილება მიმიღია და ეს, უდავოდ, ჩემი პროფესიის არჩევაა“
მახსოვს, ბავშვობიდანვე ყოველთვის მინდოდა, რომ „ტელევიზორში ვყოფილიყავი“, თუმცა, როდესაც გამოცდების ჩაბარების პერიოდი დადგა, მაინც დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ერთი მხრივ, ჩემი საყვარელი ქართულის მასწავლებელი მირჩევდა ფილოლოგიურზე გამოცდების ჩაბარებას, მარწმუნებდა, რომ ყოველთვის შევძლებდი ჟურნალისტი გავმხდარიყავი. მეორე მხრივ, გული მაინც ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტისკენ მიმიწევდა. საბუთების ორი ეგზემპლარი შევავსე და ისე მივედი. ძალიან ვნერვიულობდი. ადგილზე ერთ-ერთმა ქალბატონმა მკითხა, უცხო ენები თუ ვიცოდი. ვუპასუხე, რომ ვიცოდი რუსული და ინგლისური. მითხრა, ჩვენთან შემოიტანე, ჟურნალისტიკაზე, საზღვარგარეთაც შეძლებ სასწავლებლად წასვლასო. ეს სულ მცირე ბიძგიც საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, და ასეც მოვიქეცი. მას შემდეგ მუდამ იმას ვამბობდი, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია, პროფესიის არჩევა იყო.
რთული სფეროა, ერთდროულად ძალიან მნიშვნელოვანია და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ვერ ვიტყვი, რომ ამას ყველა თავიდანვე აცნობიერებს და ითავისებს, თუმცა დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ მას მთელი ენერგია, დრო და ძალისხმევა უნდა დაუთმო. ბოლომდე უნდა დაიხარჯო. რა თქმა უნდა, სხვების შესაფასებელია კარგად თუ ცუდად, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს მოვახერხე. როგორც პროფესიონალიზმის, ისე, სიტყვის თავისუფლების კუთხით, ჟურნალისტიკა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში. ახლა უკეთესი გარემოა და პროგრესიცაა, მაგრამ გულახდილად უნდა ითქვას, რომ ძალიან ჩამოვრჩებით მსოფლიოს. ცხადია, განათლება და პრაქტიკა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, თუმცა ვიდრე არ გვეყოლება უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე მედიამენეჯერები, ისინი ვერც თანამშრომლებს მოსთხოვენ შესაბამისი სტანდარტების დაცვას და არა მგონია ვითარება საგრძნობლად შეიცვალოს უკეთესობისკენ.
კარიერაზე: „ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა ტელეჟურნალისტიკაში გააკეთო – მე გავაკეთე“
სტუდენტი ვიყავი, როდესაც სამუშაოდ მე და ჩემი მეგობრები ახლადშექმნილ ტელევიზია „იბერვიზიაში“ მიგვიყვანა ახლა ცნობილმა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა. ყველაფერი საინფორმაციოში კორესპონდენტად მუშაობით დაიწყო... და დაიწყო: გამოვიარე მრავალი საფეხური, ყველა წამყვან ტელევიზიაში მიმუშავია (სხვათა შორის –„რუსთავი 2“-ის გარდა), ყველა ფორმატისა და ტიპის გადაცემაზე. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ისეთი თოქშოუს კეთება იყო, რომელსაც ესწრება აუდიტორია, მიგყავს დებატები, უნდა მართო ხალხიც. მომწონს, რომ შენ ხარ მასპინძელი და ყველა სადავე შენს ხელშია.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის იანვრის ნომერში...