24 წლის ლაშა ლომიძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია. ბავშვობაში, გახდომის მიზნით, ბედი სპორტის სხვადასხვა სახეობაში სცადა, თუმცა 15 წლის ასაკში რაგბის თამაში დაიწყო და მიხვდა, რომ ეს სწორედ ის იყო, რისთვისაც მთელი ცხოვრება უნდა მიეძღვნა. ლაშა უკვე 5 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და კლუბ „ბეზიერსში“ თამაშობს. ახალგაზრდა „ბორჯღალოსანს“ ყველაზე მეტად ქართველ შეყვარებულთან, ოჯახთან და ქართულ კულინარიასთან განშორება უჭირს. საფრანგეთში მცხოვრები მორაგბე ქართველ მოდელს – ანა შელიას ხვდება.
როგორ გახდით მორაგბე? რატომ გადაწყვიტეთ სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდით?
ბავშვობაში, გახდომის მიზნით, მშობლებს სპორტის ბევრ სახეობაზე დავყავდი. საბოლოოდ, ბიძაჩემის რჩევით, რომელიც მორაგბე იყო, 15 წლის ასაკში რაგბიზე შემიყვანეს. ძალიან მომეწონა და ამის შემდეგ სწავლამ და ყველა სხვა საქმიანობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა – რაგბი ჩემთვის ყველაფერი გახდა.
მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაზე საფრანგეთში. როგორია თქვენი ყოველდღიურობა? სამშობლოდან შორს ცხოვრება გიჭირთ?
საფრანგეთში ცხოვრება ძალიან მომწონს. მუდამ რეჟიმში ვარ – აქ ცხოვრების ასეთი წესია მიღებული და სხვანაირად ვერც იქნები. ყველაფერს თავის დროზე აკეთებ, რაც ქართველებს ზოგადად, არ გვიყვარს, არ გვახასიათებს. თუმცა, თბილისი და მისი არეული რეჟიმი მაინც ძალიან მენატრება. უკვე მეხუთე წელია აქ ვცხოვრობ. თავიდან რთული იყო, მაგრამ ახლა მივეჩვიე. ყველაზე მეტად ჩემს ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან და ქართულ კულინარიასთან განშორება მიჭირს. საქართველოში წელიწადში ორჯერ, დასვენების პერიოდში – ზამთარსა და ზაფხულში ჩამოვდივარ ხოლმე. ნაკრების თამაშები ხელს ძალიან გვიწყობს. გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველოში უფრო ხშირად ჩავიდეთ და საყვარელი ადამიანები მოვინახულოთ.
პირად ცხოვრებაზე რას იტყვით – ვინაა თქვენი რჩეული?
ჩემი რჩეული ქართველი მოდელი – ანა შელიაა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის იანვრის ნომერში...