ქართული OK!-ის სტუმრები ძალიან საინტერესო ადამიანები არიან – თინა და თამუნა გურჩიანები. თინა ყველასთვის ცნობილი კინორეჟისორია, თამუნა კი – პროდიუსერი. უნიჭიერესი დების მიერ ბოლო დროს გადაღებულმა ფილმმა „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ უდიდეს წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე და უცხოურ კინოფესტივალებზე არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. წარმოგიდგენთ თინასა და თამუნასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, საიდანაც მათი ბავშვობის, შემოქმედებისა და მომავალი გეგმების შესახებ შეიტყობთ.
თამუნა, თინა, სად დაიბადეთ და რომელ უბანში გაიზარდეთ? გაიხსენეთ, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?
(თინა): გავიზარდეთ თბილისში, ზედა ბახტრიონზე, ე.წ. „მხატვრების უბანში“. იქვე, ახლოს, ბებიას და ბიძას კერძო, ეზოიანი სახლი ჰქონდათ და ორ სახლს შორის ვმოძრაობდით. სამი და ვართ, ძალიან მცირე ასაკობრივი სხვაობებით, ამიტომ უზომოდ ხმაურიანი და მხიარული ბავშვობა გვქონდა – ჟივილ-ხივილითა და გართობით სავსე. ძალიან დამოუკიდებლად და თავისუფლად ვიზრდებოდით, ბევრ საგნობრივ წრეზე დავდიოდით და ბევრსაც ფარულად გავურბოდით, ერთმანეთის დახმარებით. ათას ოინს ვიგონებდით ერთად და მშობლებისგან ფარულად ვახორციელებდით.
(თამუნა): ბავშვობაში ჩემი ცხოვრება სკოლაში სიარულის და ეზოში თამაშის ეტაპებად იყოფოდა. სკოლის შემდეგ უცებ ვსწავლობდი გაკვეთილებს, რომ დაღამებამდე ეზოში მეთამაშა. მთელი ბავშვობა მოგზაურობასა და დამოუკიდებლობაზე ვოცნებობდი. მაშინ არ მეგონა, ასე გადაჭარბებით თუ ამიხდებოდა.
როგორი ურთიერთობა გაქვთ დებს? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მესამე დაც გყავთ. მოგვიყევით მის შესახებ.
(თამუნა): დები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. უფროსები – თინა და ქეთი ერთ წელს არიან დაბადებულები, მე – წლინახევრის თავზე. ქეთი კლასიკური ფილოლოგიისა და ანთროპოლოგიის პროფესორია, ასწავლის და იკვლევს. სამივე ძალიან განსხვავებულები ვართ, თუმცა ხშირად ერთი და იგივე რაღაცები მოგვწონს და ბევრი საერთო მეგობარიც გვყავს.
(თინა): დებს მართლაც ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, ყოველდღე მაინც ერთად ვიყავით – ვირტუალურად თუ რეალურად. ძალიან განსხვავებულები ვართ და ამით ერთმანეთს ვაბალანსებთ და ვამდიდრებთ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის იანვრის ნომერში...