დავით ლორთქიფანიძე უკვე 30 წელია მეცნიერებაშია, 2005 წლიდან კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ხელმძღვანელობს. 2000 წელს, დმანისის არქეოლოგიური გათხრებისას, HOMO ERECTUS ის წინაპრები – „ზეზვა და მზია“ სწორედ დავით ლორთქიფანიძემ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს.
ამ უმნიშვნელოვანესმა ფაქტმა შეცვალა კაცობრიობის ცოდნა უძველესი ადამიანის
განვითარებისა და განსახლების შესახებ.
დავით ლორთქიფანიძისთვის მეცნიერება ნამდვილი დეტექტივია – გამოძიებისას, რომელშიც არც მოწმე გყავს და არც მოსამართლე, უძველეს არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით, ზოგადსაკაცობრიო ინფორმაციის ამოღება უნდა მოახერხო.
როგორ გადაწყვიტეთ პროფესიად მეცნიერება აგერჩიათ?
ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მეცნიერი უნდა გავმხდარიყავი. ძალიან მიყვარდა დეტექტივები და ჩემთვის ეს იყო გამოძიება მოსამართლისა და მოწმის გარეშე. რამდენიმე მიმართულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ, ერთხელაც, სამეცნიერო ბესტსელერი – Lucy წავიკითხე. სწორედ ამ წიგნმა განაპირობა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება – მემუშავა ადამიანის ევოლუციაზე.
ვისაუბროთ დმანისის აღმოჩენაზე. „ზეზვა და მზია“ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. როდესაც ის აღმოაჩინეთ, იცოდით, საქმე როგორი მასშტაბისა და მნიშვნელობის არტეფაქტთან გქონდათ?
1991 წელს, როდესაც ქვედა ყბა აღმოვაჩინეთ, მის მნიშვნელობას ვაცნობიერებდით, თუმცა მასშტაბებს კარგად ვერ აღვიქვამდით. როცა ლაბორატორიებიდან ასაკის შესახებ პასუხი მოვიდა, მაშინ მივხვდით, რომ საქმე ზოგადსაკაცობრიო აღმოჩენასთან გვქონდა. მეცნიერება ხანგრძლივი პროცესია. ერთია, როცა არტეფაქტს პოულობ, თუმცა, მთავარია შემდეგ რა მოყვება ამას – ნაპოვნი არტეფაქტის მეცნიერული მნიშვნელობის შესწავლა და აღქმა. არსებობს მცირე – რეგიონული, და დიდი – საკაცობრიო აღმოჩენები. „ზეზვა და მზია“ ნამდვილად ზოგადსაკაცობრიოა, რადგან ამ აღმოჩენამ შეცვალა ადრე არსებული წარმოდგენები უძველესი ადამიანის შესახებ. მან, აფრიკის გარეთ, ანუ ევრაზიაში არსებული უძველესი ნამარხის თარიღი ორჯერ დააძველა. ასევე, შეცვალა წარმოდგენა Homo Erectus-ის წინაპრების გარეგნობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო დაბლები იყვნენ და საკმაოდ მცირე ზომის ტვინი ჰქონდათ. დმანისის შესწავლა და არსებული შედეგების მიღება არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი გუნდის მიღწევაა. პროცესი უკვე 25 წელია მიმდინარეობს. ჩვენ მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს კი არა, მთლიან პოპულაციას, გარემოს, ქცევას შევისწავლით.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის იანვრის ნომერში...