ქართული OK!-ის სტუმარი ძალიან ახალგაზრდა და უკვე წარმატებული მწერალი ნინო ამირეჯიბია. ნინოს გახმაურებული წიგნის – „ედელვაისი“ პრეზენტაცია სულ ახლახან შედგა. წიგნში მზრუნველობამოკლებული, დევნილი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შესახებაა მოთხრობილი. ნინო სიამოვნებით ესაუბრა ქართულ OK!-ს წიგნისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ.
ნინო, თქვენს ბავშვობაზე მოგვიყევით.
დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ორთაჭალაში. 144-ე სკოლა დავამთავრე, სადაც ძალიან კარგად ვსწავლობდი, შემდეგ გამოცდები ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ამჟამად მე-4 კურსზე ვარ. სამი ძმა და ერთი და მყავს, რომლებიც ამქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარს.
ბავშვობიდან წერდით?
დიახ, სამოყვარულო დონეზე. 2008 წელს დავწერე ომის შესახებ მოთხრობა „ომის დედა“, რომელიც პირველად გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ დამიბეჭდეს და რომლითაც საქართველოს ანთოლოგიაში შევედი, როგორც ასაკით ყველაზე პატარა ავტორი მე-19-21-ე საუკუნის ავტორთა შორის. ეს დიდი მიღწევა იყო ჩემთვის – უდიდესი მწერლების გვერდით ჩემი დასახელება. არასოდეს მქონია მიზანი და ამბიცია, რომ მწერალი გავმხდარიყავი. ერთხელ ჭაბუა ამირეჯიბმა, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, მითხრა ძალიან კარგად წერ პუბლიცისტურ წერილებს, შენ უკვე მწერალი ხარ და ზუსტად ვიცი, რომ მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევო.
მოგვიყევით თქვენს გახმაურებულ წიგნზე – „ედელვაისი“.
ამ წიგნზე მუშაობა 4 წლის წინ დავიწყე. ნაწარმოებები, რომელიც წიგნშია შესული, დევნილ, განსაკუთრებული საჭიროებისა და ბავშვთა სახლის ბავშვებზეა. 1 თვე ვცხოვრობდი ამ ბავშვებთან, რომ დავახლოებოდი. მათთან ერთად ვსაუზმობდი, ვთამაშობდი, ვსაუბრობდი, მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მხოლოდ ღამით მოვდიოდი შინ. მიყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების შესახებ, როგორ მოხვდნენ ბავშვთა სახლში, როგორი იყო მათი ცხოვრებისეული ისტორია და პრობლემები. თავდაპირველად, სანამ არ დავუმეგობრდი, უჭირდათ ჩემთან ურთიერთობის დაწყება. ძალიან რთული ისტორიები ჰქონდათ. წიგნზე მუშაობა რომ დავასრულე, მონასტერში წავედი და 1 თვე იქ დავრჩი.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის დეკემბრის ნომერში...