ქართული OK! ცნობილ რესტორატორ ლიკა კარტოზიას რესტორან „ტაბლაში“ ესტუმრა. ჩვენმა სიმპათიურმა, პოზიტიურმა და ხალისიანმა მასპინძელმა სიამოვნებით გვიჩვენა, თუ როგორ უნდა გავაფორმოთ საახალწლო სუფრა, როგორ სჯობს სუფრის სერვირება და რომელ კერძებს მივანიჭოთ უპირატესობა საახალწლო სუფრაზე. ლიკა კარტოზიას წინასაახალწლო, ძალიან სასარგებლო რჩევები წაიკითხეთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და შეიქმენით საახალწლო განწყობა.
წინასაახალწლო რჩევები ლიკა კარტოზიასგან:
ლიკა, ძალიან მალე ახალი, 2017 წელი დადგება. თუ შეიძლება ურჩიეთ ქართული OK!-ის მკითხველებს, როგორ გააფორმონ საახალწლო სუფრა?
საახალწლო სუფრის მორთვა ძალიან სასიამოვნო პროცესია. შეგვიძლია გამოვიყენოთ საგვარეულო, ძველი ჭურჭელი, გადავაკეთოთ და მოვრთოთ ისე, რომ საახალწლო თემატიკაში ჩავსვათ. მე სუფრის გაფორმებისას კერძებს ძველებურ ნივთებზე ვათავსებ. ძალიან მიყვარს დიდი ზომის თეფშები, ძველი, პატარა თოჯინები სუფრაზე, პატარა ანგელოზები. სუფრის წინასაახალწლო გაფორმების პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი ნაძვის ხეც ყოველთვის გამორჩეულად არის ხოლმე მორთული, ყველანაირ ნივთს იპოვით ზედ: ძველ მძივებს, მარაოებს, ბებიის ხელთათმანებს – ეს ყველაფერი ძალიან ათბობს და მრავალფეროვანს ხდის დღესასწაულს.
როგორ დავიწყოთ საახალწლო მზადება?
შეეცადეთ რამდენიმე დღით ადრე დაიწყოთ ტკბილეულის მომზადება და ნელ-ნელა მოამზადოთ 31 დეკემბრის საღამოსთვის, განალაგოთ ლამაზ თეფშებზე. თუ სტუმრებს ელით, სჯობს კერძები ნახევარფაბრიკატის მდგომარეობაში, ნახევრადმომზადებული დატოვოთ და სტუმრების მოსვლის პერიოდისთვის შესძინოთ მას დასრულებული სახე. მაგალითად, ხაჭაპურის შემთხვევაში ცალკე შეინახეთ ცომი და ყველი, ნიგვზეული უკვე შეკმაზული შეინახეთ, რომ ბოსტნეულს სტუმრების მოსვლის წინ შეურიოთ. ასე ყველაფერი იქნება ახალი და არც კერძები გაფუჭდება.
როგორ ხდება საახალწლო სუფრის სერვირება?
რაც შეეხება სუფრის გაფორმებას, აუცილებელია ყველაზე ლამაზი სუფრის გადასაფარებელი, რომელიც ოჯახში მოგეპოვებათ. შეეცადეთ რამდენიმე ახალი ნივთი შეიძინოთ საახალწლო სუფრისთვის – შანდლები, სანთლები, ბუთქუნა ანგელოზები, ლარნაკი, სადაც ყვავილების, ნაძვის ხის ან კენკრის კომპოზიციას გააკეთებთ. დესერტი ოქროსფრად მორთეთ, გამოიყენეთ დეკანტერი, სადაც მოათავსებთ ღვინოს, წვენი კი ლამაზ დოქში ჩამოასხით. სუფრაზე თუ სხვადასხვა სიმაღლის ჭურჭელს განათავსებთ, უფრო მოსახერხებელი და ლამაზი იქნება. ძალიან მიყვარს ვერცხლის ჭურჭლის გამოყენებაც.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის დეკემბრის ნომერში...