ქართული OK! სტუმრად GDS-ის „გვიან შუადღეს“ ეწვია. გადაცემის ყველასთვის საყვარელი წამყვანები – სალომე არშბა, ელენე კალანდაძე, მაკო მჭედლიშვილი და დათო ევგენიძე ჩვეული საუკეთესო განწყობითა და ხალისით გვესაუბრნენ 2016 წლის მათთვის განსაკუთრებულ მოვლენებზე, რესპონდენტებზე და GDS-ში წინასაახალწლო ფუსფუსზე. მაშ ასე, სიამოვნებით გთავაზობთ
GDS-ის „გვიანი შუადღის“ წამყვანების ექსკლუზიურ ინტერვიუს.
წინასაახალწლო განწყობა GDS-ის „გვიან შუადღეში“
როგორ შეაფასებთ 2016 წელს?
(სალომე): მახსოვს, გასულ ახალ წელს ოცნებასავით ვთქვი, რომ 2016 წელი ყოფილიყო 2015-ზე უკეთესი, და სურვილი ამისრულდა. ძალიან გამიმართლა სამსახურში – საუკეთესო გარემოში ვმუშაობ, რაც დადებითად აისახება ჩემზე, როგორც წამყვანზე. ვმუშაობ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მხოლოდ ეთერში არ არიან ჩემი მეგობრები და ეს ნამდვილად დიდი საჩუქარია ცხოვრებისგან. 2017 წელიც ვისურვებდი იყოს უკეთესი, ვიდრე ეს წელი, უპირველესად კი ჯანმრთელობას ვუსურვებ საკუთარ თავს და თითოეულ ადამიანს.
(ელენე): თუკი რაიმე პოზიტივი არსებობს, ყველანაირად დატვირთული იყო ჩემთვის 2016 წელი. დავეთანხმები სალომეს – უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამუშაო გარემოს, სადაც დიდ დროს ატარებ და ადამიანებს, ვისიც უსიტყვოდ გესმის. ჩემთვის ძალიან საინტერესო წელი იყო მუსიკალურადაც, უზომოდ დატვირთული ვიყავი და ახლაც ასე ვარ. ჩემს თავს ბევრი კარგი რამ ხდება და კვლავ სასიამოვნო მოვლენებს ველოდები.
(დათო): რაც შეეხება 2016-ს, ამ წელიწადმა მშვენივრად გაიარა. ფანტასტიკური სამუშაო გარემო მაქვს – სამ ულამაზეს გოგონასთან ერთად ვზივარ ეთერში და ვეკონტაქტები ჩემს მაყურებელს. ვცდილობთ არ ვიყოთ ერთფეროვანნი, გამოვირჩეოდეთ გულწრფელობით და თავს თავისუფლად იმპროვიზირების უფლება მივცეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.
(მაკო): მე ყველაზე ბოლოს – წელს შევუერთდი ამ გადაცემას და ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. აღმოჩნდა, რომ მოვედი ახალ სამსახურში, სადაც დამხვდა ძალიან საინტერესო და საიმედო ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც დაეყრდნობი, რომლებიც შენს გაკეთებულს შეავსებენ, დააბალანსებენ. 2016 წელს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რასაც სხვა საინტერესო სიახლეებიც მოჰყვა. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ვფიქრობ, იდეალური საქმე მაქვს.
სასაცილო მომენტები თუ გაქვთ ხოლმე ეთერში?
(დათო): რამდენიც გნებავთ. გვაქვს ხოლმე სიცილის შეკავების მომენტები, როცა ვიცით, რომ ვერაფრით გავიცინებთ. არადა, იმ მომენტში გემრიელი გაცინება ყველაფერს გვირჩევნია. თვალებით ვიცინით ხოლმე.
(მაკო): ხანდახან ასეთ დროს ერთმანეთისთვის გადახედვა არაფრით შეიძლება, თორემ, ალბათ, ხვდებით, რით დასრულდება ყველაფერი.
(სალომე): ერთხელ, სულ ახლახან მქონდა შემთხვევა, რომ თავი ვერ შევიკავე და გულიანად ვიცინე.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის დეკემბრის ნომერში...