„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხაშურელი თენგოს სოფლიდან ჩამოსულ დას ფარული ნიჭი აღმოაჩნდა და უეცრად ამღერდა. OK! მკითხველის ინტერესს ყოველთვის ითვალისწინებს და ლუნას როლის შემსრულებელ ქეთი ხუციშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:
როგორ მოხვდით „ჩემი ცოლი დაქალებში“?
ბავშვობიდან პაროდიების კეთება მიყვარდა, განსაკუთრებით ქართლელებზე, რადგან მეც ქართლიდან ვარ და ჩემი მხარე ძალიან მიყვარს. ერთ დღეს ჩემს დასთან ვიყავი სტუმრად, როგორც ლექსებს წერენ ხოლმე, ასე მომიარა და გამწარებული ქართლელი ქალის პაროდია გავაკეთე. ამას მოჰყვა სხვადასხვა პერსონაჟი. ჩემმა დამ ეს ყველაფერი ჩაიწერა და Facebook-ზე დადო. როგორც ხდება ხოლმე, ეს ვიდეოები გავრცელდა და პოპულარული გახდა, რის შემდეგაც, ქეთი დევდარიანმა ნახა, სინჯებზე დამიბარა და როლზე დამამტკიცა.
რეალური პროტოტიპები გყავთ, თუ იგონებთ ფრაზებს?
ბავშვობაში სოფელში ვისვენებდი, მაგალითები მქონია, სიტუაციებს შევსწრებივარ, გამოგონილი ნამდვილად არაა. მაგრამ, ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით ვაკეთებ.
სერიალის გარდა რას საქმიანობთ?
პროფესიით იურისტი ვარ, წლების წინ ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში. მერე წამოვედი, ოჯახი შევქმენი და ბავშვს ვზრდიდი. ხან ესპანურ სიმღერებს ვმღეროდი და აი, ახლა აღმოვჩნდი „ჩემი ცოლის დაქალებში“.
ესე იგი, სერიალში სიმღერას თქვენ ასრულებთ?
დიახ. ფართო მასშტაბით კონცერტები არ მქონია, მაგრამ ჩემთვის, სახლში ვმღერი.
ლუნა სერიალის დროებითი პერსონაჟია თუ ხანგრძლივად დარჩება? და კიდევ, ლუნას ახალი თაყვანისმცემელი გაუჩნდა, ხომ ვერ გაგვიმხელთ რა მოხდება?
მეც ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. ლუნას ქალაქში თავის დამკვირების ამბიცია აქვს, ამიტომ ძმას და რძალს შემოეჭრა. მოდით, ქეთი დევდარიანის გადაწყვეტილებას ერთად დაველოდოთ.