გიორგი სიხარულიძე ახალგაზრდა რეჟისორია შტატებში მიღებული განათლებითა და აქტუალურ საკითხებზე განსხვავებული ხედვით. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წითელი ვაშლები“ ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სელექციაში მოხვდა. სულ ახლახანს, გიორგიმ კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „მამულის“ გადაღება დაასრულა, რომლის მთავარი მოქმედი პირი სტალინია.
თქვენი ფილმი ტორონტოს მთავარ სელექციაში მოხვდა. იგივე სცენარი საქართველოშიც თავისუფლად შეიძლება განვითარებულიყო, თუმცა ფილმი სომხეთშია გადაღებული.
ეს იყო ჩემი პროდიუსერისა და თანაკურსელის, ოფელიას სადიპლიმო ნამუშევარი. მე კოლუმბიის უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტზე უკვე მეხუთე კურსზე ვარ. „წითელი ვაშლების“ სცენარი დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწერა და ძალიან მომეწონა, ზუსტად იმიტომ, რომ იგივე თემა აქაც აქტუალურია და მისი გადაღება საქართველოშიც შეიძლება. როდესაც ოფელიამ როგორც პროდიუსერმა, ფილმის გადაღება გადაწყვიტა, რეჟისორის ადგილი მე შემომთავაზა. იმ პერიოდში სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარს ვწერდი, რომელიც დაახლოებით იგივე თემას ეხებოდა. ოღონდ რა თქმა, უნდა „წითელი ვაშლების“ სცენარი ერევანში ვითარდება და გადაღებები იქ დაინიშნა. ოფელიამ იცოდა, რომ გავიგებდი ამ თემას, რადგან კულტურულად შორს არ ვართ ერთმანეთისგან და ჩემი წინა ნამუშევრებიც მოსწონდა.
უკვე ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეთ - "თევზი, რომელიც დაიხრჩო" და "წითელი ვაშლები". აპირებთ თუ არა სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობას?
სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი დიდი ხანია მაქვს და მომავალ წელს ვაპირებ კინოცენტრში დაფინანსებაზე განაცხადის შეტანას.
რამდენად რთულია ფილმისთვის დაფინანსების მოპოვება და რა განსხვავებაა ამ მხრივ ამერიკასა და საქართველოს შორის?
შტატებში სახელმწიფო დაფინანსება არ არსებობს, არის მხოლოდ სტუდიური და კერძო. ჩვენთან კი პირიქითაა, რაც ძალიან კარგია. თუ სახელმწიფო დაფინანსებას იღებ, შეგიძლია შენს საავტორო ფილმს თავისუფლად მიხედო და ისე გადაიღო, როგორც გინდა, ყოველგვარი დაპირებების და კომერციული მოგების გათვალისწინების გარეშე. საქართველოში გადაღებისას მოგებაზე ფიქრი გამორიცხულია, თუ ჩვენ არ ვსაუბრობთ კოპროდუქციაზე. ეს პროცესი სხვანაირად ხდება ამერიკაში, იქ ფილმში ინვესტიცია მოგების მიღების მიზნით იდება. საქართველოში სადაც ოთხი თუ ხუთი კინოთეატრია და ცოტა მაყურებელი, კომერციულ მოგებაზე გათვლა ძალიან ძნელია.
კინოხელოვნებით გატაცება როდის დაიწყო?
ბავშვობიდან კინოთი დაინტერესებული არ ვყოფილვარ. საქართველოდან 18 წლის ასაკში წავედი და მედია კომუნიკაციას, შემდეგ კი კინოს თეორიას ვსწავლობდი. დაახლოებით 21 წლის ასაკში ფილმის კეთების მიმართ ფუნდამენტალური ინტერესი გამიჩნდა და კოლუმბიის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე ჩავაბარე. ამჟამად ყოველ ზაფხულს ნორსვესტერნის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კინორეჟისურას ვასწავლი.
ახლახან დაასრულეთ ახალი ფილმის, „მამულის“ გადაღება, რომელიც არის ფილმი სტალინზე. რით იქნება ეს ფილმი გამორჩეული იგივე თემაზე გადაღებული სხვა ფილმებისგან?
ამ ფილმის მიზანი სტალინის გაკეთილშობილება ან გაკრიტიკება არაა. ასეთი მიდგომა, ჩემი აზრით გაცვეთილია. ეს ფილმი პირველ რიგში არის ხალხის დამოკიდებულებაზე სტალინის მიმართ, როგორც სულიერი მამის, მეგობრის და გადამრჩენელის. და ამასთან ერთად რწმენაზე, თუ რა არის რწმენა, რა ფორმით არსებობს და სადამდე შეიძლება რწმენამ მიიყვანოს ადამიანი. ის სიცარიელე, რომელიც ხალხის გარკვეულ ნაწილს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა, ვერავინ ვერ შეავსო და მგონია, რომ ხალხი დღემდე ეძებს სულიერ მამას, რომელსაც ენდობა. ფილმში სტალინი გორში 2016 წელს ბრუნდება, მისი გარდაცვალებიდან 63-ე წლისთავზე, როდესაც ხალხი სახლ-მუზეუმის ეზოში იკრიბება.
რა დოზით უნდა იყოს იუმორი კინოში?
გააჩნია ფილმს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია იუმორი, ოღონდ სხვანაირი -მშრალი, ყველაზე არასასცილო იუმორი, რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც შეიძლება რაღაცეებზე დემოკრატიულად ფიქრი და ქმნის დისტანციას, რომელიც აზრის, დისკუსიის შესაქმნელად მნიშვნელოვანია.
ვინ არიან კინოს ადამიანები ვისგანაც სწავლობთ? რეჟისორი, მსახიობი...
ჩემი კინორეჟისორობის მთავარი მიზეზი არის ჯიმ ჯარმუშის ფილმები, მიყვარს მისი დამოკიდებულება კინოს და ზოგადად, ხელოვნების მიმართ. არის რამოდენიმე რეჟისორი, რომელსაც სულ ვუბრუნდები, იგივე ბელა ტარი, აკი კაურისმიაკი, ელია სულეიმანი...
ერთს დავამატებ, რომ გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. ეს საქართველოში ჩემი მეორე ფილმია, მთლიანი ჯგუფი მოისამზადებლად გორში გადავედით და ჯგუფის თითოეულმა წევრმა დიდი თავდადებით იმუშავა. ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა მთლიანად ქალაქმა, გორის თეატრმა, ქალაქის მუნიციპალიტეტმა, სტალინის სახლმუზეუმმა და უამრავმა ადამიანმა.
როდის ვნახავთ ფილმს?
ფილმი მზადების პროცესშია და დასრულებისთანახე A-list ფესტივალებზე ვაპირებთ გაგზავნას, ხელო მომავალ წელს ვეცდები თბილისის კინოფესტივალზეც პროგრამაშიც მოხვდეს.