საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი Google-ის კულტურული ინსტიტუციის პარტნიორი გახდა. ის კავკასიის რეგიონში მეოთხე, საქართველოში კი პირველი მუზეუმია, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო რუკაზე გაჩნდა. ახლა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების მაღალი ხარისხით ნახვა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდანაა შესაძლებელი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებზე OK!-ს მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია ესაუბრა.
რას ნიშნავს ქართული კულტურისათვის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის Google-ის კულტურულ რუკაზე დატანა და რა შედეგს მოიტანს ქართველი ხელოვანებისათვის?
ქართულ კულტურას ძირითადად ეროვნულ საზღვრებში ვიცნობთ. საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ხელოვნების ამ საზღვრებს გარეთ გატანა და პოპულარიზაცია. Google-ის რუკის საშუალებით ნებისმიერს ექნება შესაძლებლობა, რომ ქართული სახვითი ხელოვნებისა თუ სხვა ნიმუშები უმცირეს დეტალებში ნახონ. ეს იწვევს ძალიან დიდ ინტერესს.
მუზეუმი Google-ის ვირტუალურ სივრცეში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენით წარდგა. კიდევ რომელი მხატვრის გამოფენა იგეგმება?
აქ არის რამდენიმე ქართველი მხატვარი, მათ შორის, პეტრე ოცხელი. ამ მხატვარს ცალკე გამოფენა მიეძღვნა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან მისი 360-ზე მეტი ნამუშევარია დაცული და გვინდოდა, რომ პეტრე ოცხელი, რომელსაც მომავალ წელს დაბადებიდან 110 წელი უსრულდება, მთელი თავისი ხიბლით წარგვედგინა უცხოელი დამთვალიერებლისთვის. გამოფენა ძალიან ლამაზი და საინტერესო გამოვიდა. ამ ოთხი მხატვრის გარდა, ჩვენს პორტალზე ძალიან ბევრი სხვა მხატვარი გამოჩნდება, ის ნამუშევრები, რომლებიც ჩვენს კოლექციაშია დაცული. ამ ეტაპზე წარმოდგენილია ვასილ ბალანჩივაძე, ალექსანდრე ბერიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და ა.შ.
იქნებიან თუ არა წარმოდგენილი თანამედროვე მხატვრები?
თანამედროვე მხატვრობა ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხზეც ვიმუშაოთ. გვინდა, რომ საუკეთესო ნიმუშები წარვადგინოთ და ამაზე ჯერჯერობით, პროექტის სახით ვმუშაობთ.
სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა თამარ მეფის კაბის ფოტო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და თავის დროზე აღადგინა სოლიკო ვირსალაძემ. როგორ შედგა ეს პროექტი?
ჩვენ მივმართეთ დავით ბეჟუაშვილის საგანმანათლებლო ფონდს იმისათვის, რომ ჩვენთან დაცული უნიკალური ისტორიული კოსტიუმები აღგვედგინა. ეს კოსტიუმები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რადგან გადაეცა კინოსტუდიას როგორც რეკვიზიტები, რის გამოც დაიკარგა ბევრი ძვირფასი თვალი. ვთხოვეთ, რომ ეს კოსტიუმები აღდგენილიყო და დაბრუნებოდა ძვირფასი მასალები, ძვირფასი თვლები და შემდეგ განთავსებულიყო საგამოფენო დარბაზებში. დავით ბეჟუაშვილის ფონდმა აქტიურად დაგვიჭირა მხარი და 10 000 ლარის ფარგლებში გამოიყო თანხა იმისათვის, რომ შევიძინოთ მასალა და გადავიტანოთ ქსოვილზე. თამარ მეფის კაბა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სოლიკო ვირსალაძის მიერ თამარ მეფის ფრესკის მიხედვითაა აღდგენილი. მას უნდოდა, რომ კაბაზე ძვირფასი თვლები განეთავსებინა, რომლებიც სავარაუდოდ, თავის დროზე ამ კაბას ჰქონდა, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ მხარი არ დაუჭირა და მოუწია ბიჟუტერიის განთავსება. თავის მოგონებაში ის წერს, რომ მოვა დრო, როცა თამარის კაბას ძვირფასი თვლები დაუბრუნდება. და სწორედ, სოლიკო ვირსალაძის ეს სურვილი აასრულა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა.
როგორც გავიგეთ, 17-22 სექტემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "შემოდგომის თბილისი", დასკვნით კონცერტზე პირველი ქართული საორკესტრო პარტიტურა შესრულდება.
ეს პარტიტურა ჩვენთან არის დაცული. საერთოდ, ჩვენი მუსიკალური კოლექცია ძალიან მდიდარია და გვინდა მომავალი წლისათვის იუნესკოში წარვადგინოთ პარტიტურებზე გადატანილი ჩვენი მუსიკალური კოლექცია, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საყურადღებოა. აქ არის მსოფლიო დონის კომპოზიტორების ხელნაწერები, მაგალითად, იოჰან შტრაუსის. გარდა ამისა, ქართველი კომპოზიტორების ნაწამოებები: დაისი, აბესალომ და ეთერი, ქეთო და კოტე, ქრისტინე. პირველი ქართული საორკესტრო პარტიტურა ალოიზ მიზანდარს ეკუთვნის. მე მოხარული ვარ, რომ მუზეუმი ისეთი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, რომელიც მისთვის აუცილებელია.
მიყევით ბმულს და ნახეთ მუზეუმი Google-ის რუკაზე: