18 აგვისტოს რაზმაძის ქ. №66-ში ახალი მაღაზია, NIASIA გაიხსნა, სადაც ნია ზუბადალაშვილის მიერ შექმნილი სამოსის შეძენა შეგიძლიათ. OK! გაესაუბრა ნიას ახალი ბრენდის, NIASIA-ს შესახებ და საკმაოდ საინტერესო პასუხებიც მივიღეთ.
როგორ გაჩნდა NIASIA -ს შექმნის იდეა?
ყოველთვის ვიყავი მოდის სფეროთი გატაცებული, თვალს ვადევნებდი მოდის სიახლეებს, თუმცა საკუთარი ბრენდის დაფუძნების და ბაზარზე გასვლას გეგმა თავიდანვე არ მქონია. „ნიასია“ რამდენიმე თვის წინ დავაფუძნე და იგი წარმოადგენს ახალგაზრდულ ბრენდს.
კონკრეტულად, რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებლებს?
გაზაფხული - ზაფხულის კოლექციის გაყიდვები დასასრულს უახლოვდება, შემოდგომიდან კი, ახალ კოლექციას შევთავაზებთ მომხმარებლებს.
რამდენად დიდია არჩევანი?
ამ ეტაპზე არჩევანი დიდი არ არის, რადგან სრული დატვირთვით მუშაობას სწორედ ახლა ვიწყებთ. ზაფხულის განმავლობაში მომხმარებლებს ვთავაზობდით, შარვლების, შორტების, მაისურების, სარაფნების და საცურაო კოსტიუმების არჩევანს. შემოდგომიდან კი, მომხმარებლებს შევთავაზებთ ქურთუკების და ფეხსაცმლის განსხვავებულ კოლექციას.
რამდენად დიდია დაინტერესება მომხარებელთა მხრიდან?
მომხმარებელთა მხრიდან დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. პრაქტიკულად არ განმიხორციელებია სარეკლამო ღონისძიებები და ბრენდის ოფიციალურ პრეზენტაციასაც სამომავლოდ ვგეგმავ. ამის გათვალისწინებით, კოლექციაზე მართლაც დიდი დაინტერესება იყო მომხმარებელთა მხრიდან.
რა პროფესიის ბრძანდებით და მანამდე თუ გქონიათ მოდის სფეროსთან შეხება?
განათლება ბიზნესის მიმართულებით მაქვს მიღებული და საოჯახო ბიზნესის, სასტუმრო ლაერტონ თბილისის მართვაში ვარ ჩართული. რაც შეეხება მოდის სფეროსთან კავშირს, პროფესიული შეხება მოდასთან არ მქონია, თუმცა ტანსაცმლის დიზაინით და მოდის სიახლეებით ყოველთვის ვიყავი გატაცებული. ვთვლი, რომ ჩემი თავი სწორედ ამ სფეროში ვიპოვე.
როგორ იქმნება ახალი კოლექციები და რას ითვალისწინებთ მისი შექმნისას?
ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალ კოლექციაზე მუშაობა. დიდი სიფრთხილით ვეკიდები ქსოვილების შერჩევას, რათა მათ მაღალ ხარისხში დავრწმუნდე. სწორედ ლამაზი ქსოვილებია ჩემი შთაგონების წყარო.
როგორია სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ, საინტერესო სიახლეებს შევთავაზებ ჩემს მომხმარებლებს. ერთ-ერთი სიახლე შეეხება პროდუქტს, რომლის შესახებ დეტალებსაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შევინახავ. ამ იდეის ანალოგი ქართულ ბაზარზე ჯერ არ განხორციელებულა და მას ოქტომბრიდან იხილავთ ჩემს მაღაზიაში.