დავით გიგაური იმ ქართველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც უცხოეთში გატარებული წლების მიუხედავად, არ ივიწყებენ საკუთარ წარმომავლობას. მოსკოვში ბავშვობისას, და ლონდონში 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ, დავითი მაინც ცდილობს საკუთარი საქმიანობის საქართველოსთან დაკავშირებას და ბრიტანეთში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციასაც აქტიურად ეწევა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არასოდეს უცხოვრია, მისი ოჯახის წარსული მაინც ავალდებულებს სხვა თვალით შეხედოს ამ ქვეყანას და საკუთარი თავი ქართველად მიიჩნიოს. ქართული OK! დავითს პირადად ესაუბრა:
როგორც ქართული OK!-სთვის გახდა ცნობილი, ძალიან ბევრ პროექტში ხართ ჩართული, რომელიც საქართველოს უკავშირდება.
ამჟამად ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარ, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსს.
უნივერსიტეტის პერიოდში, ლონდონის ეკონომიკის სკოლის ქართული საზოგადოების ვიცეპრეზიდენტი ვიყავი. ჩემმა ძმამ, გიორგი გიგაურმა კი ოქსფორდის უნივერსიტეტში პირველი ქართული საზოგადოება დააარსა.
შემდეგ მუშაობა BP-ში დავიწყე, რასაც ლონდონში, JP Morgan Investment Bank-ში სამსახური მოჰყვა. ამჟამად საფინანსო კომპანიაში ვმსახურობ, პარტნიორი ვარ. განვითარებადი ქვეყნების ბაზარს ვსწავლობთ. საქართველო ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთია.
საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ?
ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე. უმეტესად, ჩემი ოჯახისა და ნათესავების მოსანახულებლად. საქართველოსთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტშიც ვარ ჩართული. სასიამოვნოა, როდესაც საქმეს ვუთავსებ ჩემს ვიზიტებს. საკუთარი სურვილით რამდენიმე კულტურული პროექტიც წამოვიწყე. ახალციხესა და ნიუკასლს (OK! შენიშვნა: ნიუკასლი – ქალაქი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში. პირდაპირი თარგმანით, ნიუკასლი „ახალციხეს“ ნიშნავს) შორის კავშირის დამყარებაზე ვმუშაობ. ჩემს წიგნზე („Be My Guest: Georgian Recipe for Cooking Success“) მუშაობის დროსაც მეხმარებოდა საქართველოში ვიზიტები.
ქართველ ქალებზე რას ფიქრობთ?
საქართველოში არ მიცხოვრია, თუმცა ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით, ყოველთვის მქონდა წარმოდგენა ქართველ ქალებზე. ვიცოდი ისტორიები ჩემს დიდ ბებიაზე – მთავარ ეკატერინე გურიელზე. დედაჩემის დედა – ნათელა ახვლედიანი ლადო გუდიაშვილის მუზა იყო. ჩემი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა, ყველამ დიდ წარმატებას მიაღწია თავიანთ საქმიანობებში. შესაძლოა მიკერძოებულად ჟღერდეს, მაგრამ ქართველი ქალები ჩემთვის სამაგალითონი არიან.
როგორ გართობას ამჯობინებთ?
საოცრად მიყვარს ხელოვნება და ამ მხრივ, ლონდონში ძალიან განებივრებულები ვართ – ხშირად იმართება მსოფლიო პრემიერები კინოში, თეატრში, ასევე სხვადასხვა გამოფენები და კონცერტები. ეს უფრო ცხოვრების სტილია, ვიდრე გართობა. ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა – იდეალური განტვირთვაა ჩემთვის. მიყვარს ბრიტანული სოფლები და ვარჯიში სუფთა ჰაერზე. სამწუხაროდ, ძალიან დაკავებული ვარ და ქალაქიდან ხშირად გასვლას ვერ ვახერხებ.
საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ხომ არ ფიქრობთ?
ყოველთვის ვფიქრობ ამაზე. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვარ, რომელი ქვეყნის მოქალაქე ვარ და რა ენაზე ვსაუბრობ – მე ქართველი გახლავართ და ჩემი სახლი, სამშობლო – საქართველოა. ბრიტანეთში მაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული კულტურა სხვებს გავაცნო და როდესაც მივიჩნევ, რომ საკუთარი საქმიანობით საკმარისი სარგებელი მოვუტანე ჩემს ქვეყანას, შესაძლოა საქართველოში საცხოვრებლადაც ჩამოვიდე – ჩვენს სახლში, საქართველოში, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით შევიკრიბებით ყველა ერთად.