წლევანდელი ზაფხული ჩვენი ქვეყნისთვის, ერთ დიდ მუსიკალურ ფესტივალს დაემსგავსა. არაერთი მსოფლიო ვარსკვლავის საქართველოში ვიზიტი, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ფანების ყურადღების ცენტრშიც მოექცა, გაიყიდა უამრავი ბილეთი და თითქმის ყველა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
უცხოელი ვარსვლავების ქართული ციებ-ცხელების ფონზე, წარმატებული ქართველი მუსიკოსები საერთაშორისო წარმატებების დროს, ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქართველი მესაყვირე პაატა ბერიძე, რომლის კონცერტმაც გერმანიაში ასევე სრული ანშლაგით ჩაიარა.
OK! პაატა ბერიძეს ესაუბრა. გაიცანით უკეთ ქართველი მესაყვირე და გაიგეთ რა მდგომარეობაა ამჟამად ქვეყანაში, ქართული კლასიკური მუსიკის განვითარების მხრივ.
პაატა, პირველ რიგში გააცანით თქვენი თავი ჩვენს მკითხველს.
გახლავართ პაატა ბერიძე, მესაყვირე. 2015 წელს ჩავაბარე გერმანიის ქალაქ აუგსბურგში “ლეოპოლდ მოცარტის” სახელობის უმაღლეს სასწავლებელში, პროფესორ უვე ქლაინდიენსტის კლასში. წლის ბოლოს ჩავწერე დისკი, რომელშიც შესულია ბევრი საინტერესო ნაწარმოებები, რომელთა ექსკლუზივიც მოვიპოვე საფრანგეთიდან, ამერიკიდან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან, ხოლო ქართველმა კომპოზიტორებმა დამიწერეს ნაწარმოებები, რომლებიც ასევე შესულია ამ დისკში.
როგორც ვიცით, საკმაოდ წარმატებული საერთაშირისო კარიერა გაქვთ - რა ხდებოდა 27 ივლისს, გერმანიაში „დიდ ოქროს დარბაზში“?
სწორედ ჩემი დისკის პრეზენტაცია დავამთხვიე ჩემს სოლო კონცერტს, რომელიც 27 ივლისს, გერმანიის ქალაქ აუგსბურგის უძველეს „დიდ ოქროს დარბაზში“ გაიმართა. ეს ის დარბაზია, სადაც პირველად დაუკრა პატარა მოცარტმა და შესაბამისად ამ სივრცეში შესრულება სხვადასხვა ნაწარმოები. განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ჩემთვის მოცარტი აღმოჩნდა.
უამრავი ქართველი დამიდგა გვერდში: საქართველოს სინფონიეტა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი უკრავდა ჩემთან ერთად. კონცერტის ბოლოს შევასრულე გია ყანჩელის „ყარაჩოღელის ანდერძი“ რაც ევროპული პრემიერა გახლდათ. ეს ნაწარმოები რამდენადაც ვიცი მესამედ შესრულდა საყვირზე.
ქართველი მუსიკოსების საერთაშირისო წარმატებების ფონზე, საქართველოში უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი უკრავდა - თქვენი აზრით რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ქართული მუსიკისა და ადგილობრივი მუსიკოსების პოპულარიზაციის თვალსაზრისით?
“ჯაზ ფესტივალებზე” ხშირად გვსტუმრობენ ცნობილი სახეები და ჩვენ გვიხარია მათი გამოჩენა საქართველოში. ეს იქნება კრის ბოტი თუ ერიკ ტრუფაზი, მაგრამ გარდა მათი ვიზიტისა, საქართველოში უნდა დაიწყოს ამ ინსტრუმენტის პოპულარიზაცია, რადგან ნიჭიერი ხალხი ვართ.
ჩვენ ვართ ფოლკლორისა და ღვინის ქვეყანა. ეს ჩვენია და თითქმის ყველა ოჯახში ერთი ადამიანი მაინც მღერის, მაგრამ რაც შეეხება ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტებს, მიუხედავად თითზე ჩამოსათვლელი შესანიშნავი მუსიკოსებისა, ეს მიმართულება საქართველოში მაინც მძიმე სიტუაციაშია. ბავშვები უმაღლეს სასწავლებლებში აღარ აბარებენ და მუსიკოსებიც ნაკლებად ინტერესდებიან ერთმანეთის კონცერტებზე დასწრებით. რთულია სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ამ ყველაფრის გაპიარება, გავრცელება და ხალხის დაინტერესება.
სახელმწიფომ, არა მხოლოდ უცხოელი მუსიკოსების კონცერტებს, არამედ საქართველოში არსებულ უამრავ ანსამბლს, ორკესტრებსა და ბენდებს უნდა მისცეს საშუალება, რომ ისეთივე რეკლამირება გაუკეთდეთ როგორც მათ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ წინსვლას და გაჩნდება მოთხოვნა ისწავლონ ამ უმაგრეს ინსტრუმენტებზე დაკვრა.