დღის გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, შინ მხოლოდ დასასვენებლად მიდის და როგორც გვითხრა, ეს მისთვის ყველაზე დიდი კომფორტია. მისი სახლი ისეთ ბევრ და მრავალფეროვან ამბებს მოიცავს, რომ აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას თითოეულ თქვენგანზე – ისევე, როგორც ჩემზე მოახდინა. მამა – ვახტანგ რურუა, რომლის ნახატებიც მისთვის ყველაზე ძვირფასია. საოცარი სითბოთი და ენერგიით გვიხსნის, რომელ ნახატს როგორი ისტორია აქვს. „ერთი სახლის ისტორიას“ იურისტი და პოლიტიკოსი ნიკოლოზ რურუა გვიამბობს.
ბატონო ნიკოლოზ, ვის ეკუთვნის ეს ბინა?
ეს ბინა ამჟამად მე მეკუთვნის, მაგრამ მანამდე მამაჩემის ბაბუას ეკუთვნოდა. ბინა მან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მდიდარი ვაჭრისგან შეიძინა. ბაბუაჩემი 1924 წელს, სახალხო აჯანყებაში დახმარებისთვის ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს. ამ სახლს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: აქ 25 ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისევ ჩვენ დაგვიბრუნდა. მეც აქ დავიბადე და მამაჩემიც. ჩემი შვილები აქ არ დაბადებულან – ამ დროს მე აშშ-ში ვიყავი.
ამერიკაში, სახლიდან შორს ყოფნა არ გიჭირდათ?
როგორ შეიძლება არ გქონდეს იმ ადგილის მონატრება, სადაც დაიბადე და გაიზარდე?! რა თქმა უნდა, მქონდა. სადმე თუ ვარ წასული და კვირაზე მეტი დროა გასული, მარტო სახლი კი არა, მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა მენატრება. ყველა პირობა მქონდა ამერიკაში დასარჩენად, მაგრამ არ დავრჩი. არჩევანი ასეთი იყო – უნდა ვყოფილიყავი ქართველი ამერიკელი, ან უნდა დავრჩენილიყავი ჩემს სამშობლოში. რა თქმა უნდა, სამშობლო ვარჩიე. ეს რამდენად პროდუქტიული არჩევანია, დრო გვიჩვენებს კიდევ. ძალიან მიზიდავს საგანმანათლებლო სფერო. Enlaitenment – ეს არის განმანათლებლობის პროცესი, რომელიც ევროპაში მეჩვიდმეტე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნემდე დაიწყო და რამაც წარმოშვა ის იდეები, რომელმაც შემდეგ დემოკრატია შობა.
გქონიათ სურვილი, რომ ეს სახლი დაგეტოვებინათ და რაღაც ახალი, თქვენი საკუთარი შეგექმნათ?
დიახ, როგორ არა. შეიძლება ამის გაკეთებაც, მაგრამ, ჯერჯერობით, სანამ ჩემი მშობლები აქ ცხოვრობდნენ, მინდოდა მათთან ერთად ვყოფილიყავი. ამ გარემოში მსურდა მეცხოვრა და მაქსიმალურად გამეწელა ეს დრო. მამაჩემი ორი წელია რაც გარდაიცვალა, ახლა კი დედაჩემის მარტო დატოვება არ მინდა და ვცხოვრობ იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მსიამოვნებს ყველა დღე, რომელსაც ამ გარემოში ვატარებ. შემთხვევითი ხალხი აქ იშვიათად ხვდება. აქ ხვდება ის, ვისთან ურთიერთობაც მაინტერესებს. მაგალითად, ისეთი, როგორიც თქვენ ხართ.
გაქვთ სურვილი, თქვენმა შვილიშვილებმაც აქ გააგრძელონ ცხოვრება?
არ ვიცი. მაინცდამაინც სახლზე თუ არის საუბარი, რატომაც არა. მაგრამ ქვეყანა მთავარია. რაც უნდა გლობალურ წარმატებას მიაღწიონ ჩემმა შვილიშვილებმა, მინდა, რომ ამ ქვეყანაში იცხოვრონ.
ბავშვობიდან რომელიღაც ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით?
ერთხელ ოთარ იოსელიანი ჩვენს სახლში ფილმს იღებდა – „იყო შაშვი მგალობელი“. ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით სამი წლის. რომელიღაც განათება აფეთქდა და იმდენად შემეშინდა, რომ ახლაც მახსოვს. ბევრი ვიტირე. კარგად მახსენდება სტუმრები, რომლებიც ჩვენთან დადიოდნენ და რომლებიც ძალიან მიყვარდა: მხატვარი ავთო ვარაზი, სოსო ჩხაიძე, რომელმაც გადაიღო „თუში მეცხვარე“, თამაზ ყურაშვილი – ქართული ჯაზის ერთ-ერთი მამამთავარი, ოთარ იოსელიანი და ბევრი სხვა. მამაჩემის პროფესიიდან გამომდინარე, ჩვენი სახლის კარი არ იკეტებოდა. ახლაც ზუსტად მის სახელოსნოში ვაგრძელებ ჟურნალ „ივერიის“ გამოცემას.
არსებობს ამ სახლში ნივთი, კუთხე, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?
ძალიან მნიშვნელოვანია მამაჩემის სახელოსნო. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს სახელოსნო ისე უნდა დავტოვოთ, როგორიც მის დროს იყო. ბევრი ფილმის კადრირება გაკეთებულა, ბევრი ჟურნალის დაკაბადონება. მნიშვნელოვანია ყველა კუთხე, სადაც მისი ნახატი იკავებს ადგილს. მამაჩემი არაერთი ქართული შრიფტისა და სამხედრო სიგნატურის ავტორია. რა თქმა უნდა, ამას ყოველგვარი ჰონორარის გარეშე აკეთებდა.
დატვირთული დღის რეჟიმი გაქვთ. სახლი არ გენატრებათ ხოლმე?
დღეს მქონდა ექვსი შეხვედრა ამომრჩეველთან. ძლივს მოვედი სახლამდე. ფეხით ვიარეთ ამ საშინელ სიცხეში. რომ გითხრათ მონატრებამ მომიყვანა სიცხეში-მეთქი, მოგატყუებთ. უფრო დაღლილობამ. როდესაც დასასვენებლად მივდივარ ერთი კვირით, მაშინ მენატრება ჩემი სახლის სიმყუდროვე. მიყვარს შინ, მეგობრებთან ერთად ყოფნაც.