წყვილის მიმართ, რომელმაც ერთმანეთის გაცნობის დღიდან მთელი საქართველო აალაპარაკა, საზოგადოება ინტერესს დღემდე არ კარგავს. საქართველოდან დაწყებული LOVE STORY და აშშ-ში გაგრძელებული ოჯახური ბედნიერება ნუკი კოშკელიშვილისთვის და ბენ ხაიმისთვის ცხოვრების ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ ნუკი კოშკელიშვილმა მონატრებული ოჯახისა და საყვარელი მეგობრების მონახულება გადაწყვიტა და მეუღლესთან ერთად სამშობლოს ესტუმრა.
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ნუკიმ ჩვენთვის სიამოვნებით გამონახა დრო და ექსკლუზიურ ინტერვიუში OK!-ის ამერიკული ცხოვრების შესახებ უამბო.
ნუკი, ყველაზე ხშირად რა გენატრებათ საქართველოში?
დედა, მამა და ჩემი და მენატრებოდნენ ყველაზე მეტად. ჩემი მეგობრებიც, რა თქმა უნდა. შორს რომ ხარ, შეიძლება ქუჩაც გენატრებოდეს, შეიძლება ბოსტნეული გენატრებოდეს – იმიტომ, რომ აქ სხვანაირი გემო აქვს. უცნაურია, მაგრამ სარეცხის მანქანა მენატრებოდა... ნიუ-იორკში რეცხავ გარეთ, იქვე აშრობ და მიგაქვს შინ. მოკლედ, სარეცხის მანქანაც კი მომენატრა. ასევე მომენატრა ნაგვის გადაყრა ერთ ყუთში, თუმცა კარგი იქნება საქართველოშიც თუ დავიწყებთ სხვადასხვა ყუთებში დაფასოებას. მაგრამ აი, ქართული კერძები მომენატრა-მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართული რესტორანია ნიუ-იორკში. კერძები არ მომნატრებია. ალბათ, ადამიანები მომენატრნენ, ქართული მეგობრობა მომენატრა, ქართული დროს ტარება. ქართული, თბილისური ქუჩები. კახეთიც, იმერეთიც, ბათუმიც – ყველაფერი მომენატრა.
ხომ არ გეგმავთ ამერიკაში საკუთარი კარიერის შექმნას, და როგორია თქვენი გეგმები?
(ნუკი): რა თქმა უნდა, ვგეგმავ. უბრალოდ, რამდენად გამომივა, არ ვიცი, ამიტომ ვერიდები წინასწარ საუბარს. ვეცდები, ნამდვილად. ჯერ 25 წლის ვარ და ვფიქრობ არც ისე დიდი გახლავართ. ამიტომ ვნახოთ, რა გამოვა.
ქორწინების შემდეგ ნუკი სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდა. ალბათ, ძალიან ენატრებოდა საქართველო, მეგობრები და ოჯახის წევრები. რა იყო ამ დროს თქვენი როლი? როგორ ცდილობდით ნუკის გამხნევებას?
(ბენი): რა თქმა უნდა, ნუკის ყოველთვის მხარში ვუდგავარ ყველა საკითხში. მე მისთვის არ მითხოვია ნიუ-იორკში გადმოსვლა, რადგან ეს ძალიან რთული გადასაწყვეტია. ჩემი როლი ამ დროს ნამდვილად მის გვერდში დგომა და დახმარება იყო.
(ნუკი): ბენმა მთელი ნიუ-იორკი ჩემს სახლად აქცია. მე მდიდარი ვარ. ახლა 2 სახლი მაქვს. მან არა მხოლოდ გამამხნევა, არამედ თავისი მეგობრებიც გამინაწილა. ახლა მისი მეგობრები ჩემი მეგობრები არიან.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება ნუკისთან ერთად უკვე მშობლების ამპლუაში, და უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავთ ბავშვის გაჩენას?
(ბენი): ამჟამად სიახლე არ გვაქვს, თუმცა ამაზე გვიფიქრია. ეს ცოტა რთულია. მისი მშობლები საქართველოში არიან, ნუკი ახლახან ჩამოვიდა ნიუ-იორკში. ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი მანძილია, ამიტომ ბალანსი უნდა ვიპოვოთ და შემდეგი ნაბიჯი უკვე დიდი ოჯახი იქნება.
(ნუკი): ჩვენ ორივეს გვიყვარს ბავშვები. უბრალოდ, გვინდა დავტკბეთ მომენტით. ძალიან დიდხანსაც არ მოვიცდით – დრო მიდის.
ლოკაცია: Tiflis Palace / "ტიფლის პალასი"