მსახიობისა და რეჟისორის, რატი წითელაძის ახალი ნამუშევარი „დედა“ ჰოლივუდში, ამერიკის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი, ამასთანავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, ნინო ვარსიმაშვილი ნომინირებულია, ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაზე.
რა გზა განვლო „დედამ“ და როგორი იქნება ფილმის მომავალი? ამასთან დაკავშირებით თავად რატი წითელაძემ, სპეციალურად OK!-სთან ისაუბრა:
თუ შეიძლება მოგვიყევით ფილმის შესახებ - რა ისტორიას ნახავს მაყურებელი თქვენს ნამუშევარში?
ფილმის ინსპირაცია ნამდვილი ისტორიაა. საქართველო ყოველთვის იყო ცნობილი, როგორც ტრადიციული ქვეყანა, მაგრამ მე არ ველოდი, რომ ასეთი რამ ახლაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ფილმი არის მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც იძულებულია საკუთარი ახალშობილის არსებობა დამალოს, რომ ხალხმა არ გაკიცხოს.
როგორც ვიცით, ფილმმა უკვე ბევრს წარმატებას მიაღწია და მრავალ ფესტივალზე იყო წარდგენილი - მოგვიყევით რა გზა განვლო ფილმა და კიდევ რა ჯილდოებს უნდა ველოდოთ?
„დედა“ ნახევარი წელია უკვე, რაც ფესტივალებზე მოგზაურობს და უკვე 30-ზე მეტ ფესტივალზე და 20-ზე მეტ ქვეყანაში იქნა ნაჩვენები. ამ კვირაში გავიგე სიახლე, რომ ფილმი შერჩეულია მე-5 Resistencia Film Fest ჩილეში და 6th Point in the Endless Universe-ზე, რუსეთში. დღეს კი უკრაინაში Rivne International Film Festival-ზე მიმიწვიეს ფილმის წარსადგენად. ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთ ფესტივალზე იქნება ნაჩვენები და სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ენახა ფილმი და ასეთი რამ ნაკლებად მოხდეს ან ერთი წამით დაფიქრდეს მაინც.
როგორც ვიცით, ნინო ვარსიმაშვილი არის ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზე, ჰოლივუდში - რამდენად დიდია შანსი, რომ ეს ჯილდო სწორედ „დედამ“ დაიმსახუროს?
ფილმი იყო გაგზავნილი მხოლოდ ოფიციალურ სელექციაში მოსახვედრად, მაგრამ ფესტივალის დირექტორმა და სელექციის ჟიურიმ გადაწყვიტეს რომ, ფილმი იყოს ნომინირებული რადგან მოეწონათ ფილმი და განსაკუთრებით ნინოს თამაშით იყვნენ აღფრთოვანებულნი, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს უკვე ნინოს მეორე ნომინაციაა ქალის საუკეთესო როლისთვის რაც ვფიქრობ, რომ კარგად იმოქმედებს ჟიურის წევრებზე, დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს.
ნინო ვარსიმაშვილთან ხშირად თანამშრომობთ?
მე და ნინო უკვა 3 წელზე მეტია რაც ვთანამშრომლობთ. ერთად არაერთ ფილმზე ვიმუშავეთ, რომლებიც 60-ზე მეტ ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. ჩვენ დასაწყისშივე ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რადგან ორივეს ერთი მიზანი გვამოძრავებდა, რომ ყოველდღე გვესწავლა რაღაც ახალი და გვეკეთებინა ის, რაც გვიყვარს და დღემდე ასე არის. ჩვენ ერთი პრინციპი გვაქვს, რომ ყოველი ახალი ნამუშევარი იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე წინა.
რატი, როგორც ვიცით დამწყები რეჟისორი ბრძანდებით - თქვენი პირველი სრულმეტრაჟიაუნი ფილმი „ცარიელი სახლი“ იყო, რომელმაც ასევე ბევრი ჯილდო დაიმსახურა ახლა კი „დედა“ - როგორ შეაფასებთ თქვენს თავს რეჟისორის ამპლუაში?
17 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი, 27 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ გამეცნობიერებინა ის, თუ რაოდენ ძნელია იყო ის, ვინც ხარ და აკეთო ის, რაც გიყვარს. არანაირად არ შევაფასებდი ჩემ თავს რეჟისორის ამპლუაში, უბრალოდ ვიტყოდი, რომ ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? - ხომ არ გეგმავთ ახალ ფილმზე მუშაობის დაწყებას?
ახლა ვმუშაობ დოკუმენტურ ფილმზე, რომლის გადაღებებიც მაისში დავიწყე და ძალიან სათუთ თემას ეხება. სცენარის ავტორი ნინო ვარსიმაშვილია, სინემატოგრაფერი კი, რომან სიმონიანი.
ფილმი იკვლევს კულტურის, ტრადიციებისა და გენდერული იდენტობის კვეთას და კარს აღებს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც იძულებულნი არიან უარყონ იმის რეალობა, თუ ვინ არიან სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციები სწორედ ის არის, რაც სხვა ეთნოსისა და კულტურის საზოგადოებისგან განგვასხვავებს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ტრადიციები იწვევს უამრავ კითხვას, რომლებზეც პასუხები არ ისმის.
არ მიყვარს გეგმებზე ლაპარაკი. ჩემი დევიზია რომ რასაც ვაკეთებ ყველაფერი, ყოველიდღე და ყოველი წამი იყოს იმისთვის, რომ გავიზარდო, განვვითარდე და შევქმნა რაიმე ღირებული.