OK! HOT MEN ირაკლი მაქაცარია, რომელმაც ქართველი ქალბატონების გულები დაიპყრო, ამჟამად უკრაინული რეალითი შოუს „უცოლოს“ მთავარ გმირად იქცა და 30 ლამაზმანს შორის საუკეთესო – ხარკოველი მოდელი ალიონა ლესიკი შეარჩია. როგორ მოხვდა ირაკლი უკრაინულ რეალითი შოუში, რას საქმიანობს, როგორია მისი ცხოვრების სტილი და რა კრიტერიუმით აირჩია 30 გოგონადან „ის ერთი“ – ამის შესახებ და სხვა საინტერესო თემებზე ირაკლიმ ექსკლუზიურად OK!-ისთან ისაუბრა.
კინოპროდიუსერი ვარ, მაქვს ჩემი კომპანია Maq Entertainment, სადაც, ძირითადად, „ბოლივუდის“ მიმართულებით ვმუშაობ. ვიღებთ ინდურ ფილმებს, მუსიკალურ კლიპებს, სარეკლამო რგოლებს და ა.შ. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამშენებლო და საბანკო სფეროში ბიზნესი მაქვს, სიცრუეა. თავის დროზე უკრაინული სტატიიდან სწორად ვერ თარგმნეს, სადაც ეწერა, რომ ამ სფეროებში ვმუშაობდი. ქართველებმა კი თარგმნეს თითქოს წილები მაქვს. ეს ჭორია. ბევრი სამუშაო ადგილი მქონდა, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა კინოპროდაქშენია.
როგორ მოხვდით უკრაინულ რეალითი შოუში „უცოლო“?
Fabebook-ის საშუალებით დამიკავშირდნენ. გამაცნეს, რა პროექტი იყო და გამოთქვეს სურვილი გავმხდარიყავი მეექვსე სეზონის მთავარი გმირი. ჩამიყვანეს უკრაინაში, ვისაუბრეთ და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მივიღე.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ცოლსა და ქალს არ ვეძებდი – ჩემთვის, მშვიდად, წყნარად ვცხოვრობდი. არხმა შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა. მეც დავთანხმდი.
რამდენად იოლად დათანხმდით?
იოლად არ დავთანხმებულვარ, რადგან სატელევიზიო პროექტებში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა. ამასთან ერთად რთულადაც წარმომედგინა, იმიტომ, რომ მასშტაბური პროექტია, რომელიც აგებულია მთავარ გმირზე. უდიდესი პასუხისმგებლობაა, თან ეს ყველაფერი რუსულ ენაზე უნდა ყოფილიყო. საქართველოს დონეზე რუსული კი კარგად ვიცოდი, მაგრამ მაინც მქონდა ეჭვები – ხომ არ გამიჭირდება?! საბოლოო ჯამში, პროექტის დაწყებამდე ორი დღით ადრე გადავწყვიტე მონაწილეობა.
რითი დაგაინტერესათ პროექტმა?
პროექტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ ამდენ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა. უპირველესად, გიწევს საკუთარი თავის გამოცდა. თამამად შემიძლია ვთქვა: 30 გოგონას შორის სამი თვის განმავლობაში იყო მუდმივად ყურადღების ცენტრში და ამავდროულად ეს ყველაფერი არ იყოს ხელოვნური, საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ ინტერესი გამიჩნდა, რამდენად შევძლებდი. გარდა ამისა, პროექტი რომანტიკულია, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობ, ლამაზი პაემნებია, თუმცა, ამავდროულად, რთულიცაა.
30 ლამაზი გოგონა მონაწილეობდა. რა კრიტერიუმებით არჩევდით პროექტში ვინ უნდა დარჩენილიყო და ვინ არა?
ეს ძალიან ინდივიდუალურია. კრიტერიუმი არ არსებობს. არ მაქვს სტანდარტი ან გარკვეული ფორმულა, რომ გოგო უნდა იყოს 90/60/90. ეს ინდივიდუალურობაზეა დამოკიდებული – რა გხიბლავს, რა მოგწონს მასში. რა თქმა უნდა, ფიზიკურობასაც ვაქცევდი ყურადღებას. ჩვეულებრივ, როგორც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ვინმე მოგეწონოს, ისევე ხდებოდა პროექტში.
კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობდა, რადგან იმდენად განსხვავებული პერსონაჟები იყვნენ, რომ ყველაში იყო რაღაც კარგი. მახსოვს ისეთი მომენტებიც, როცა ნაკლებად მომწონდა. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი იყო, თუ რამდენად ვხედავდი, რომ ჩვენ შევძლებდით სამომავლოდ რამე გამოგვსვლოდა.
როდესაც პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი, შევეგუე აზრს, რომ რატომაც არ შეიძლება შეხვდე რომელიღაც გოგონას პროექტში და მოგეწონოს. ასე რომ, ჩემი მიზანი იყო რეალურად მეპოვნა ადამიანი, რომელიც მომეწონებოდა და შესაძლოა, მის მიმართ გრძნობაც გამჩენოდა.
პროექტიდან სექსუალური კადრებიც გვახსოვს. არ იყო რთული კამერების წინ?
არ მიმაჩნია, რომ სექსუალური კადრები იყო. თუ კოცნას ვეძახით სექსუალურ კადრს, არ ვიცი. თუმცა სიახლოვის ორი მომენტი იყო, როდესაც ორი ფინალისტი დარჩა. ერთი იყო აბაზანის კადრი – გოგონა საცურაო კოსტიუმში. იქ არც სექსი და არც სიშიშვლე ყოფილა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ OK!-ს ივლისის თვის ნომერში!