NBA ALL STARS არა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაზა ფაჩულიას მისთვის სასურველი ყველა ვარსკვლავი შინ ჰყავს. მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ქართველი კალათბურთელის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ექსკლუზიურად OK!-ის მკითხველისთვის, ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე საკუთარი სიყვარულისა და ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიებს სპეციალურად თქვენთვის მოყვებიან, გაგანდობენ ამერიკული ცხოვრების ძალიან საინტერესო დეტალებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
როგორ გაიცანით ერთმანეთი და რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი შეყვარებულების სტატუსით ცხოვრება შეუღლებამდე?
(თიკა): ზაზა ცხრა წლის წინ გავიცანი. მაშინ ანსამბლ „სუხიშვილებში“ ვცეკვავდი. მახსოვს მცხეთაში გვქონდა კონცერტი და იქ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზას ჩემი გაცნობა უნდოდა და კულისებში შემოიყვანა. სწორედ მაშინ მოხდა ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.
ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე ზაზას ძალიან იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მასთან აშშ-ში, დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა, რადგან ჩემთვისაც და ზაზასთვისაც ეს მანძილი ძალიან რთული იყო. ჩავედი ამერიკაში და იქ მოვაწერეთ ხელი.
(ზაზა): როდესაც ცხოვრების უმეტეს ნაწილს უცხოეთში ატარებ, ყოველთვის გენატრება ქართული კულტურა და ტრადიციები, ყველაფერი რაც საქართველოს უკავშირდება. მაშინ საქართველოში მომიწია ჩამოსვლა და ჩემი მეგობრის შემოთავაზებას, რომ მცხეთაში „სუხიშვილების“ ღონისძიებაზე წავსულიყავით, დაუფიქრებლად დავთანხმდი.
ჩემი მეგობარი იცნობდა ანსამბლის რამდენიმე წევრს. კონცერტის დროს ხშირად ახსენებდა თიკას, ამბობდა ძალიან კარგი და ნიჭიერი მოცეკვავეაო. ისე მოხდა, რომ კონცერტის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდი კულისებში და სწორედ იქ გავიცანი თიკაც.
დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთთან ტელეფონით და ინტერნეტით გვქონდა კავშირი. ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან რთული იყო, რადგან უზომოდ მენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების დიდი მოყვარული ვარ, მაინც ისე მომიწია, რომ ამერიკიდან მოვწერე ჩამოსულიყო და იქ მოგვეწერა ხელი. ვინაიდან უკვე ოჯახის შექმნაზე იყო საუბარი, ძალიან მინდოდა ქართულად გამეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ასე – არა (ქართულ)ტრადიციულად მოგვიწია შეუღლება, რადგან მის გარეშე უკვე ვეღარ ვძლებდი.
ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ OK!-ს ივლისის თვის ნომერში.