ის იმ წარმატებულ ახალგაზრდათა რიცხვშია, ვინც საკუთარი მიზნებისათვის იბრძოლეს და მიაღწიეს კიდეც იმას, რასაც ყველაზე თამამ ოცნებებშიც ვერ წარმოიდგენდნენ. დღეს რეგიონის მუსიკალური ინდუსტრიის ერთადერთი კვალიფიცირებული მენეჯერია, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებს იმ ვარსკვლავთა ჩამოყვანასა და დახვედრაში, რომლებსაც ქართველი მსმენელები ასე მოუთმენლად ელიან. მოკლედ, OK! წარმოგიდგენთ ნიკუშა კანდელაკს - ბიჭს, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ...
ნიკუშა, ლოს-ანჯელესიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით. რა იყო საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი?
რობი უილიამსისა და Maroon 5-ისკონცერტებზე მოხალისედ ვმუშაობ. ჩემს მოვალეობებში ამ ვარსკვლავთა დახვედრა და მათზე მუშაობა, განრიგების შედგენა, შეხვედრების ორგანიზება, ტრანსპორტის, რესტორნებისა და სასტუმროების კოორდინირება და სხვა მსგავსი საქმეები შედის.
თქვენი საქმე აშკარად ძალიან კარგად გამოგდით. ალბათ, იმიტომ, რომ ლოს-ანჯელესში მუსიკალურ მენეჯმენტს სწავლობთ. როდის დაინტერესდით ამ სფეროთი და, ზოგადად, მუსიკით?
თავიდან მუსიკა დიდად არ მაინტერესებდა იმიტომ, რომ გაკვეთილის ხასიათი ჰქონდა - მამაჩემი ყოველ საღამოს რომელიმე სერიოზულ შემსრულებელს მირთავდა და მასმენინებდა, შემდეგ კი მთელ ისტორიას მიყვებოდა, ვინაიდან მე საკმარისი ინფორმაცია არ მქონდა. 7 წლის ბავშვისთვის საკმაოდ რთული იყო John Coltrane-ისა და მსგავსი მუსიკოსების მოსმენა. დრო რომ გავიდა, მეტად დავინტერესდი. ეს ინტერესი ლონდონში ყოფნისას განსაკუთრებულად გამიმძაფრდა. ძალიან ბევრ კონცერტს დავესწარი. მამას შეიძლება სახარჯო ფული ვერ მოეცა, მაგრამ ჩემთვის კონცერტების ბილეთებს ყოველთვის ყიდულობდა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრი დარბაზი, შოუ, შემსრულებელი მენახა და დამეფიქსირებინა, როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის ორგანიზება. ვიყავი Prince-ის, პოლ მაკარტნის, Radiohead-ის, Coldplay-სა და სხვა ვარსკვლავთა კონცერტებზე. აი, ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ შემიყვარდა ეს სფერო. დღემდე, ოჯახში სულ მუსიკაზე ვსაუბრობთ. ადრე უფრო შემეცნებითი საუბრები გვქონდა, ახლა კი მე, მამაჩემი და ბაბუაჩემი ვმსჯელობთ ხოლმე და უმეტეს საკითხზე ვთანხმდებით კიდეც.
რას ფიქრობთ ქართველ მსმენელზე? რა განსხვავებაა ამ მხრივ ქართულ და ამერიკულ რეალობას შორის?
მე ვთვლი, რომ საქართველოში ძალიან კარგი მსმენელია. ამერიკულ რადიოებში სულ რაღაც 10 სიმღერა ტრიალებს ხოლმე - ერთი და იგივე. აქ მსმენელს სხვანაირი მოთხოვნილებები და გემოვნება აქვს. ლოს-ანჯელესში, სადაც მუსიკალურ ინდუსტრიას ვსწავლობ, ზოგმა ჩემმა ჯგუფელმა ისიც კი არ იცის, ვინ არის მაილs დეივისი. სწორედ ამიტომ, ქართველი მსმენელი უფრო განათლებულ მსმენელად მიმაჩნია.
როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი კარიერული გზა?
ბავშვობაში სპორტზე ვიყავი გადართული. საქართველოს წყალბურთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი და სკოლაში, ფაქტობრივად, არ დავდიოდი. მხოლოდ ინგლისური და მათემატიკა მიყვარდა. ერთ დღეს, ლონდონში ინგლისურის კურსებზე წავედი და რომ დავინახე, სტუდენტები როგორ სწავლობდნენ, ლონდონში, Herriot-Watt University-ში, ბიზნესისა და ფინანსების ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. ის, Guardian-ის რეიტინგით, ფინანსების სფეროში მეორე ადგილზე იყო. ლონდონში ძალიან დიდი ცოდნა მივიღე. ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრებაც. ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ კი, გადავწყვიტე ამერიკაში მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. 2014 წელს, თბილისის ჯაზფესტივალზე, სტენლი კლარკთან მომიწია მუშაობამ. მისი შვილი ჩემს ახლანდელ უნივერსიტეტში სწავლობდა და სწორედ მან მირჩია ლოს-ანჯელესში, California State University-ში ჩაბარება. ჩემი მონდომებით, წინა უნივერსიტეტის ნიშნებითა და სტენლისა და მეისი გრეის რეკომენდაციებით, მიზანს მივაღწიე და მუსიკალური მენეჯმენტის ფაკულტეტზე სასურველ სასწავლებელში ჩავაბარე. ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც მიმიღეს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ლოს-ანჯელესი მუსიკის დედაქალაქია, იქ სწავლა ვარჩიე.
მეისი გრეი? როგორც ჩანს, მას ძალიან კარგად იცნობთ...
მეისი გრეისთან ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. სხვათაშორის, სამიოდე კვირის წინ, ბინას ვეძებდი დასაქირავებლად, რაც იქ საკმაოდ რთული საქმეა. როცა უკვე ვიქირავე, მეისის ვესტუმრე და ჩემი ამბავი ვახარე. გაიკვირვა, რატომ არ მითხარიო. თურმე, ეზოში მეორე სახლი აქვს და მზად იყო, ჩემთვის იქ გადასვლა შემოეთავაზებინა! :)
ზოგადად, როგორია ასეთი დონის ვარსკვლავებთან ასეთი ახლო ურთიერთობა?
ისინი ძალიან მეგობრულები არიან. თუ დაინახეს, რომ შენც გახსნილი და გულწრფელი ხარ და მარტო იმაზე არ ფიქრობ, რომ შენ წინ სათაყვანებელი მუსიკოსია, ძალიან უშუალოები და უბრალოები ხდებიან და ზედ გყვებიან! მაგალითად, სერჟიო მენდესი და მისი ოჯახი ისე მპატრონობს, როგორც მე ჩემი ოჯახის წევრს ვუპატრონებდი. სერჟიო ჩემი ბაბუასავითაა. მეისიც, სნუპ დოგიცა და სხვებიც სულ მეპატიჟებიან ხოლმე თავის წვეულებებზე.ზოგადად, ძალიან საინტერესო და დაუვიწყარია იქ ცხოვრება.
ცნობილი ფაქტია, რომ სნუპ დოგმა თავის დაბადების დღეზე დაგპატიჟათ...
დიახ, ასე იყო. სნუპი ბათუმის ჯაზფესტივალზე გავიცანი. მაშინაც მოხალისედ ვმუშაობდი და როცა გაიგო, ლოს-ანჯელესში ვაპირებდი ჩასვლას, მისმა მენეჯერმა დამირეკა და დაბადების დღეზე დამპატიჟა. ისტორიულ დარბაზში ვიყავით, სადაც მსმენელები გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლით სრიალებენ და კონცერტებს ასე ესწრებიან. ერთი სასაცილო ისტორიაც შემემთხვა - დაბადების დღეზე Warren G-ც იყო დაპატიჟებული. სნუპთან მივედი, ფოტო გადავიღოთ-მეთქი და მობილური იქვე მდგომ უცნობს მივაწოდე. მეორე დღეს, ერთ-ერთ კადრში აღმოვაჩინე, რომ ის, ვისაც ფოტოს გადაღება ვთხოვე, Warren G ყოფილა! ზოგადად, იქ ყოველთვის ისეთი რაღაცები ხდება, ვერასოდეს რომ ვერ წარმოიდგენ და გათვლი. ლოს-ანჯელესი სიურპრიზებით სავსე ქალაქია.
სად ხედავთ თქვენს მომავალს - ამერიკაში თუ საქართველოში?
საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას. რა გამოცდილებასა და ცოდნასაც იქ მივიღებ, საქართველოში ჩამოვიტან და Eastern Promotions-ს დავეხმარები, რომ უფრო მეტი სტუმარი ჩამოვიყვანოთ, მეტი მასშტაბური შოუ გავმართოთ და რეგიონი განვავითაროთ. ასევე, ვეცდები მეტი ახალგაზრდა დავაინტერესო ჩემი პროფესიით. მე ერთადერთი კვალიფიცირებული კადრი ვარ ამ სფეროში, საქმეს კი ბევრად მეტი პროფესიონალი სჭირდება.
დაბოლოს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამერიკაში ცხოვრებას და რას გეგმავთ სამომავლოდ?
უარყოფითია მხოლოდ ის, რომ შორს ვარ ოჯახისა და მეგობრებისგან. საბედნიეროდ, კულტურულ განსხვავებებს უკვე შევეგუე.დადებითი მხარე კი არის ის, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მიფასდება და პროფესიულად ძალიან ვიზრდები. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ, უნივერსიტეტს დავუბრუნდები. ბათუმის ჯაზფესტივალზე ისევ ჩამოვალ, ოღონდ ცოტა ხნით. გარდა ამისა, მოსკოვში, სადაც ორ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რობი უილიამსის მენეჯერმა კარგი წინადადება შემომთავაზა. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ვიცი, რომ წინ ბევრი საინტერესო საქმე მელის...