უკრაინული X Faxtor-ის ქართველი ვარსკვლავი ქრისტინე მარტიაშვილი, ამჟამად უკრაინული შოუბიზნესის დასაპყრობად ემზადება. მუსიკალური კონკურსით დაწყებული წარმატება ქართველი მომღერლისთვის იღბლიანი აღმოჩნდა და მალე, მისი პირველი ალბომით გოგონასთვის უცხოური შოუბიზნესის კარი გაიხსნება.
სოციალურ ქსელში ქრისტინეს საუცხოო და საოცრად ცეცხლოვანი ფოტოები გამოჩნდა, რამაც ყველას ყურადღება მიიქცია. ეს ამბავი არც ჩვენ გამოგვპარვია და ქრისტინეს დავუკავშირდით:
ქრისტინე, როგორც ჩანს, თქვენგან ძალიან მალე კარგ ამბებს უნდა ველოდოთ, შეგიძლიათ გვითხრათ, რას ნიშნავს ეს საოცარი ფოტოები სოციალურ ქსელში?
დიახ, რა თქმა უნდა. ახლა ვწერ ახალ სიმღერას და ეს ფოტოსესია უკრაინული ჟურნალისთვისაა განკუთნილი, რომელიც თვეში ერთხელ გამოდის და ჩემს ინტერვიუსთან ერთად დაიბეჭდება.
რაც შეეხება სიმღერას: ეს სიმღერა უკრაინული X Factor-ის ერთ-ერთმა მონაწილემ, აიან სულთანოვამ მაჩუქა. ტექსტიც და მუსიკაც მას ეკუთვნის, ხოლო არანჟირება ლუკა ნოზაძემ გააკეთა. გამომდინარე იქედან, რომ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას უკრაინაში ვაპირებ, სიმღერის ტექსტიც რუსულენოვანია.
როგორია თქვენი გეგმები უკრაინულ შოუბიზნესში წარმატების მისაღწევად?
ძალიან ბევრი გეგმები მაქვს, მაგრამ წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ოქტომბრის ბოლოს მექნება ჩემი პირველი მუსიკალური ალბომი. ალბომში შესული სიმღერები, ძირითადად, რუსულ და უკრაინულ ენაზე იქნება, მაგრამ გამონაკლისის სახით, შევა ორი ინგლისურენოვანი სიმღერაც, რომლიდანაც ერთ-ერთი მომღერალ მიშო სულუხიას ეკუთვნის, ტექსტი კი, თეონა ზეინკლიშვილს.
ალბომში შემავალი სიმღერის ტექსტები, ძირითადად, რომანტიკული იქნება, მუსიკა კი, ძირითადად პოპმასაზეა გათვლილი. ცოტა ხნით მომიწევს ჩემი საყვარელი სტილის გვერდით გადადება და უფრო მარკეტინგული გათვლით მუშაობა.