ქართული OK! წარმოგიდგენთ აშშ-ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, ამერიკის საჰაერო ძალების ყოფილ მფრინავს, რომელსაც ერთნაირად განუმეორებელი ტექნიკითა და ვირტუოზულობით შეუძლია შეასრულოს კომედიური თუ დრამატული როლები, და რომელიც, დღემდე, ამერიკული კინოინდუსტრიის ერთ‑ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. OK! ერთადერთი და განუმეორებელი კინოვარსკვლავის ბოლოდროინდელ ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
ბატონო მორგან, თქვენ შეგისრულებიათ ღმერთის, ნელსონ მანდელას, სენატორის როლები. ხოლო თქვენს ახალ ფილმში „ლონდონის დაცემა“ ვიცე-პრეზიდენტს თამაშობთ. თქვენი განსაკუთრებული მოთხოვნაა, რომ ფილმებში უმაღლესი სტატუსის ადამიანებთან გქონდეთ პირდაპირი კავშირი?
დიახ, ეს ცოტა სასაცილოც კია. ხანდახან მეც ვუსვამ საკუთარ თავს ამ შეკითხვას – რატომ მირჩევენ ყოველთვის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანების როლების შესასრულებლად? და ჩემი პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ მე ვერცხლისფერი თმა მაქვს. მგონი თმის ფერს უნდა ვუმადლოდე...
როგორია ვიცე-პრეზიდენტის როლის შესრულება?
განსაკუთრებული არაფერი. დაახლოებით ისეთივე, როგორიც პრეზიდენტის როლის შესრულებაა. საკმაოდ სწორხაზოვანი როლია. სამსახიობო ტექნიკის განსაკუთრებულ საიდუმლოს არ მოითხოვს.
ოდესმე თუ გიფიქრიათ ოფისში გადაბარგებაზე? თქვენი არაერთი კოლეგა მოიქცა ასე..
არავითარ შემთხვევაში. შეიძლება ბევრი პოლიტიკოსის როლი განმისახიერებია, თუმცა ჩემში ნამდვილად არაფერია პოლიტიკოსის. რას გავაკეთებდი, როგორც პოლიტიკური ფიგურა? ამაზე პასუხიც კი არ მაქვს.
თქვენს ბოლო ფილმში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს უახლესი ტექნოლოგია. თქვენ კი იმ ეპოქაში გაიზარდეთ, როცა არ იყო Youtube და Twitter. რა აზრის ხართ თანამედროვე სამყაროზე?
ეს საინტერესოა. სულ ახლახან ვუყურებდი სარეკლამო რგოლს, სადაც ადამიანი შედის ოთახში და იქ მყოფთ აცნობს თავის მეგობარ გოგონას, ოთახში კი ადამიანები იმდენად არიან ჩაფლულები თავიანთ სმარტფონებში, თავს არც კი წევენ. მე ჯერ კიდევ ვფიქრობ: „სოციალური მედია“ ნამდვილად სოციალურია თუ პირიქით – ანტისოციალური? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფრო მეორეა.
თქვენ ნამდვილი ლეგენდა ხართ. რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა მსახიობებს?
ორ რჩევას მივცემდი: 1. წარმატება მხოლოდ ბევრი მუშაობის შედეგია და 2. ადამიანი წარუმატებელი მხოლოდ მაშინაა, როცა ის ნებდება. ამიტომ წინ იარეთ და არასოდეს დანებდეთ!