სანამ „მუზეუმს“ გაგაცნობთ, მინდა პატარა ისტორია მოგიყვეთ, თუ როგორ აღმოვაჩინე ქუთაისში სრულიად სხვა სამყარო. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არ არის ოთხ კედელში მოქცეული მუზეუმი, სხვადასხვა ექსპონატებითა და უძველესი ნივთებით გადაჭედილი. ეს სრულიად განსხვავებული, ცოცხალი და მუსიკალური სამყაროა, რომელსაც, ნიჭიერი ადამიანების გუნდი ქმნის და მას სიმღერის სახით საკუთარ მსმენელს უზიარებენ.
უიქენდზე, სამსახურებრივი ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ერთად ქუთაისს ვსტუმრობდი. ამ ულამაზესი ქალაქის არქიტექტურითა და ისტორიით მონუსხულებს დაგვაინტერესა, რა ხდებოდა ღამით ისტორიულ ქალაქში და როგორ ერთობოდა აქაური ახალგაზრდობა. კლუბების ძებნა Google-ს ვანდეთ, რომელმაც სამწუხაროდ, მხოლოდ „საკალათბურთო კლუბი“ და „ფიტნეს კლუბი“ მოგვიძებნა.
Google-ს შემოთავაზებაზე ბევრი ვიხალისეთ, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქალაქის ქუჩებში ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ, რა დროსაც ერთ არჩვეულებრივ არტკაფე „ბლუზს“ გადავაწყდით, საიდანაც ისეთი მუსიკის ხმა გამოდიოდა, რომელიც არცერთ ჩვენგანს აქამდე არ სმენია.
თავიდან რომელიმე უცხოელი შემსრულებლის Playlist გვეგონა, მაგრამ როდესაც შიგნით აღმოვჩნდით, ჩვენს წინ ცოცხალი ბენდი იდგა. შესაძლოა, გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თბილისიდან ჩასულებს პირები ღია დაგვრჩა, როდესაც ყველამ ერთხმად ვაღიარეთ, რომ ასეთი ცოცხალი შესრულება ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად აკლდა.
ჟურნალისტურმა სულისკვეთებამ არც მაშინ მომასვენა და 5-წუთიანი შესვენების დრო ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე, გავიცანი ბენდის სოლისტი შოთიკო ბანძელაძე და ინტერვიუზე დავითანხმე:
პირველ რიგში, თუ შეიძლება გაგვეცანით. რამდენი ხანია რაც „მუზეუმი“ ჩამოყალიბდა და ვინ არიან ბენდის წევრები?
ჩვენ ვართ ბენდი „მუზეუმი“, რომელიც შეიქმნა სამი წლის წინ. მე ვარ შოთიკო ბანძელაძე, ჯგუფის ვოკალისტი, პიანისტი და რიტმ-გიტარისტი. პროფესიით მევიოლინე. ვახტანგ კიკალეიშვილი იგივე კაკადუ: ბასისტი, გიტარისტი - პროფესიით ჩელისტი. დავიდ იმერი: სოლო და რიტმ-გიტარისტი, ინსტრუმენტალური როკმუსიკოსი. თორნიკე ჩხარტიშვილი: ბენდის დრამერი, კონსერვატორიის სტუდენტი. ყველას გვაქვს სათითაოდ საკუთარი მუსიკის შექმნის გამოცდილება სხვადასხვა ჟანრში, რაც განაპირობებს ჩვენი ბენდის მრავალფეროვნებას და არასტანდარტულობას.
თქვენს მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერების ქავერები სრულიად განსხვავებულია. მოგვიყევით, რა ჟანრში ასრულებთ სიმღერებს და როგორია მუსიკაზე მუშაობის თქვენებური სპეციფიკა?
თითქმის ყველა ქავერი რომელსაც ვასრულებთ, საკმაოდ განსხვავდება ორიგინალისგან. ჩვენ არ ვაკოპირებთ სიმღერებს, არამედ შეგვაქვს ჩვენი ხედვა, ვავსებთ ბევრი ახალი ელემენტით, ამა თუ იმ სიმღერის ზოგ ნაწილს არათუ უბრალოდ ვალამაზებთ, არამედ სრულიად ვცვლით საკუთარი ჰარმონიით და ჟანრითაც კი, რაშიც მონაწილეობს ბენდის ყველა წევრი თავისი საინტერესო ხედვებით, ამის გამო ის ხდება სრულიად განსხვავებული და შეიძლება ვერც კი იცნოთ რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კონკრეტული სიმღერა სრულიად კარგავს თავის სახეს ან არ გადმოცემს იმ ემოციას რაც ავტორს აქვს ჩადებული. მინდა გითხრათ, რომ საბოლოოდ, აუცილებლად მიხვდებით რომელ სიმღერას ვასრულებთ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ირაკლი ჩარკვიანის თქვენი ვერსიები. გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, საუკეთესოები იყოს მათ შორის, ვინც ირაკლის სიმღერების ქავერებს ქმნის?
დიახ, ირაკლის სიმღერები ჭარბობს ჩვენს რეპერტუარში. თავიდან დიდად არც ვუსმენდი, მაგრამ როდესაც ვარჩევდი სიმღერებს, მივხვდი, რომ ჩემი ხმის ტემბრი ძალიან მოუხდებოდა ჩარკვიანის სიმღერებს და როდესაც შევასრულე, ვიგრძენი მისი პიროვნული და მუსიკალური ღირებულება, პუბლიკამაც აღფრთოვანებით მიიღო და მითხრეს, რომ მე შევძელი გამეცოცხლებინა უკვდავი „მეფე“, რომელიც არის საქართველოს განძი. ნამდვილად გაგვაჩნია იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს ვასრულებთ ყველაზე კარგად და ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაციით. თუმცა, ჩვენი ამბიცია ამით არ მთავრდება, ბენდ „მუზეუმს“ აკისრია ისეთი დიდი მისია, რასაც საკუთარი მუსიკის კეთება ქვია.
თქვენი ბენდის შესახებ ბევრი გავიკითხე, მაგრამ სამწუხაროდ „მუზეუმს“ ჯერ არ იცნობენ. თქვენი მოსმენა მხოლოდ ქუთაისშია შესაძლებელი?
ჯერჯერობით, ბენდ „მუზეუმს“ არ იცნობს ფართო საზოგადოება, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ღამის კლუბებში, ამ ეტაპზე უფრო კომერციული ბენდი ვართ და არ ვყოფილვართ ორიენტირებულები მედიით ფართოდ გაშუქებაზე. თუმცა, ამ პირობებშიც კი, არის ჩვენით საკმაო დაინტერესება სხვადასხვა რეიტინგული ტელეარხების მხრიდან. ახლახან გვქონდა გადაღებები რეპორტაჟისთვის, რომელიც მალე ეთერში გავა და შესაძლებლობა გექნებათ, შეაფასოთ ჩვენი შემოქმედების პირველი ნაბიჯები. ჯერჯერობით ვმოღვაწეობთ ქუთაისში, თუმცა გვაქვს სამომავლო გეგმები ქალაქგარეთ და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
მაქსიმალურად შევეცდებით, საქართველოს მასშტაბით ხმა მივაწვდინოთ ყველა ადამიანს. ქართველი მსმენელი საკმაოდ პრეტენზიული და გემოვნებიანია და თუ ადამიანებს მინიმუმ მეორეჯერ მაინც გაუჩნდებათ სურვილი ჩვენი მოსმენის, ესე იგი, შანსი მოგვეცემა ჩვენი ემოცია და სათქმელი ბოლომდე მივიტანოთ თითოეულ მსმენელამდე. ჩვენ ხალხის სიყვარული გვჭირდება და ხალხს ჩვენი სიყვარულით დაწერილი და შესრულებული სიმღერები.