„იქს ფაქტორის“ ფინალი ნიკა გვარამიასთვის ფეიერვერკით, ხოლო, სოფო ნიჟარაძისთვის სცენიდან გასვლითა და კულისებში ოთახში ჩაკეტვით დასრულდა. როგორც ჩანს, სოფომ გიგის მეორე ადგილზე გასვლა იმდენად განიცადა, რომ არც ავთოს და არც ნიკას გამარჯვება არ მიულოცა.
პროექტის დასრულების შემდეგ სოფოს დიდხანს ველოდეთ, გვსურდა მისგან პირველი კომენტარი მოგვესმინა, მაგრამ ერთაათიანი ლოდინის შემდეგ სოფომ ფილარმონიის შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. სამაგიეროდ, ავთოს გამარჯვებაზე და სოფოს განცდებზე ნიკა გვარამიამ OK!-სთან ვრცლად ისაუბრა:
„ძალიან მაგარი შეგრძნება ყოფილა, გამარჯვებული მენტორის სტატუსის ქონა. უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ. საკმაოდ სანერვიულო დღე იყო ჩემთვის, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არ ველოდი ამ შედეგს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გვემღერა სხვებზე უკეთ და ამით დაგვემახსოვრებინა თავი პუბლიკისთვის, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სამი ქართული სიმღერა და ვფიქრობ, „გელინო“, რომელიც ავთომ შეასრულა, არა მხოლოდ წლევანდელ „იქს ფაქტორში“, არამედ საქართველოში მუსიკალურ შოუებში თუ ოდესმე შესრულებულა, საუკეთესო იყო.
მიხარია, რომ სწორი სტრატეგია შევარჩიეთ, ფინალი გავთვალეთ იმ მაყურებელზე, ვისაც ქართული სიმღერა მოენატრა, გავთვალეთ, ასევე, ბათუმელ მაყურებელზეც. საბოლოო ჯამში, ამან გაამართლა და ძალიან მიხარია.“
ნიკა, ფინალის დასრულების შემდეგ სოფო სცენიდან ისე გავიდა, რომ არც თქვენ და არც გამარჯვებულს არ მიულოცა - თუ ისაუბრეთ მასთან და რა გითხრათ?
მასთან არ მისაუბრია. მესმის, ეს მისთვის ძალიან ემოციური იყო და სრულიად გასაგებია, რადგან ჟიურისა და მაყურებლის უმეტესობა ფიქრობდა, რომ გიგი მოიგებდა და მეც, მათ შორის. რაც შეეხება კულისების ოთახში ჩაკეტვას, ეს ყველაფერი, მოსალოდნელი იყო, რადგან სოფოსთვის რთული იყო ასეთი მოულოდნელი შედეგი. რა თქმა უნდა, მისი ეს საქციელი ჩვენს მეგობრობას ხელს არ შეუშლის რადგან ორივემ ვიცით, რომ საბოლოოდ, ყველაფერს მაყურებელი წყვეტს. - განაცხადა ნიკა გვარამიამ OK!-სთან საუბრისას.