X Factor-ის გუშინდელ „ლაივზე“ პროექტის მონაწილეებმა როგორც უცხოური, ასევე, ქართული სიმღერები შეასრულეს. უცხოურისგან განსხვავებით, ქართული ტური კონკურსანტებისთვის მეტად საპასუხისმგებლო და სანერვიულო აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, ქართულ ტურს მენტორებიც მკაცრად მოეკიდნენ და კონკურსანტების მიმართ არც კრიტიკა და არც კომპლიმენტები არ დაიშურეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი, ცირა კობიაშვილის შესრულება აღმოჩნდა, რომელიც ნიკა გვარამიამ „ლილოს ბაზრობის“ ჟღერადობას შეადარა.
„ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთული იყო. ბევრი ვიმუშავეთ, რომ განსხვავებული და საუკეთესო გამოსულიყო ჩემი ეს ნომრები. პრეტენზიები იყო იმ სიმღერასთან დაკავშირებით, რაც შევასრულე – ვგულისხმობ ქართულ ტურს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვწყვეტთ რომელ სიმღერას ვიმღერებთ. ეს სიმღერაც გიორგი უშიკიშვილმა შემირჩია და რაც მომცეს, მეც ის ვიმღერე, როგორც შევძელი. რას გავდა ეს სიმღერა, „ლილოს ბაზრობა“ იყო თუ რაც იყო, მე გავაკეთე ის, რაც დამავალეს.
ძალიან ცოტა დრო გვქონდა იმისათვის, რომ ერთი კვირის განმავლობაში ორი სრულიად განსხვავებული ჟანრის სიმღერაზე გვემუშავა. მაგრამ ალბათ, მაყურებელმა ეს ყველაფერი დააფასა და დღეს სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მომდევნო ტურში გადავედი,“ - განაცხადა ცირა კობიაშვილმა.