X Factor-ის გუშინდელი „ლაივი“ სტერეოტიპების დამსხვრევისთვის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. კრიტიკის მორევში მრავალჯერ მოხვედრილმა ცირა კობიაშვილმა, ყველას გაოცება შეძლო და მაყურებლისა და მსმენელის გულები კიდევ ერთხელ დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურისგან განსხვავებით, SMS ლიდერი ვერ გახდა, მისმა შესრულებულმა სიმღერამ ყველას გაოცება მოახერხა და მომდევნო ტურის საგზური ღირსეულად დაიმსახურა.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მე და გიორგი ერთად ვეცადეთ იმ სტერეოტიპის დამსხვრევას, რაც სოციალურ ქსელში ხშირად გვესმოდა - ცირას სიმღერა არ შეუძლია! გუშინდელი „ლაივი“ იყო სწორედ ის მესიჯი, რომლითაც მე მოვახერხე მაყურებლისა და მსმენელის კეთილგანწყობის დაბრუნება და მათი გულების დაპყრობა.
ვაღიარებ, რომ თავიდან, როდესაც გავიგე ეს სიმღერა უნდა შემესრულებინა, ყველანაირად ვეცადე, რომ გიორგისთვის აზრი შემეცვალა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. უფრო ცნობილი ჰიტი მინდოდა გამომეტანა სცენაზე. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ჩემი მენტორი არის უჭკვიანესი ადამიანი და აღარ მაქვს არანაირი მიზეზი, რომ მას ოდესმე შევეკამათო. მისი ყველა იდეა ამართლებს და საბოლოოდ იმ შედეგს ვიღებთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. გიორგის ყველაფერი ისეთ დონეზე აქვს გათვლილი, რასაც მე ასი წელი ვერ მოვიფიქრებ. მას რომ ჩემთვის ეს სიმღერა არ შეერჩია, ალბათ, ისევ მე ვიქნებოდი აუტსაიდერი. ეს „ლაივი“ იყო ჩემგან ერთგვარი მიმართვა ხალხის მიმართ. ეს იყო ძლიერი და ამავდროულად სუსტი ქალის ემოციები და განცდები, რაც მიხარია, რომ მაყურებლამდეც და ჟიურიმდეც სწორად მივიტანე.
ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი სოფო ნიჟარაძის მიმართ, რადგან ეს ჟანრი არის სწორედ ის, რომელშიც სოფო მღერის, ამიტომ მისგან ყველაზე მკაცრ შეფასებას ველოდი. უბედნიერი ვიყავი, როდესაც ჟიურის ასეთ კარგ შეფასებას ვისმენდი.
მომავალ ორშაბათს იქნება ხალხური ტური. ყველას აინტერესებს ცირას ქართული ხალხური სიმღერის შესრულება თუ შეუძლია და თქვენ ამას მომდევნო ორშაბათს ნახავთ“, - განაცხადა ცირა კობიაშვილმა OK!-სთან საუბრისას.