X factor-ის კონკურსანტები შემდეგი „ლაივისთვის“ აქტიურ სამზადისში არიან. ორშაბათს მაყურებელი „კინოტურს“ იხილავს, სადაც კონკურსანტები ყველასათვის საყვარელი ფილმებიდან ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ.
OK! ცირა კობიაშვილს ესაუბრა, რომელმაც გრანდიოზული სამზადისის შესახებ საინტერესი დეტალები გაგვიმხილა:
„შემდეგ ორშაბათს „კინოტური“ გვექნება, რაც შესაბამისად, გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მაყურებელს წინ საოცარი სანახაობა ელოდება. სიმღერა, რომელიც გიორგიმ შემირჩია, სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც აქამდე მიმღერია. უფრო კლასიკურ, ცოტა ოპერულ სტილში წარვდგები მსმენელის წინაშე.
მალიბუ ძალიან დაგვაკლდა. რეპეტიციებზე მისი არყოფნა ძალიან იგრძნობა და უცნაური გრძნობაა. გიორგი გაორმაგებული ძალებით გადმოერთო ჩემზე და იმასაც კი მეუბნება, ახლა შენ ხარ მალიბუო.
როდესაც შემდეგი „ლაივის“ ჩემი სიმღერა მოვისმინე, ძალიან შემეშინდა და გიორგის ვთხოვე შეეცვალა და სხვა მოეცა, მაგრამ ახლა უკვე, როდესაც ვმუშაობთ, ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, მაყურებელს ჩემი ნომერი გააოცებს და ძალიან მოეწონება", - ამბობს ცირა.