X Factor-ში დაბრუნებული გოგონების ჯგუფი Dream Girls, უკვე მესამე „ლაივია“ ხალხის გაოცებას ყოველ ჯერზე მარტივად ახერხებს. უფრო მეტიც, გოგონების ეს არაჩვეულებრივი ჯგუფი ფავორიტებად იქცა და სოციალურ ქსელში გამოითქვა უამრავი აზრი, რომ გოგონებმა ჯგუფი პროექტის შემდეგაც შეინარჩუნონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, თამარ ჯგუშიას ვესაუბრეთ.
„არ ვიცი, გოგოები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მესამე „ლაივით“ წინებთან შედარებით ყველაზე კმაყოფილი ვარ. ალბათ, ის ფაქტორიც იყო, რომ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს, როგორც სიმღერაში, ასევე, იმ სამოსში, რაც მეცვა სცენაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგად ვიმღერეთ.
სიმღერა რომელიც მესამე „ლაივზე“ შევასრულეთ, არის სოულ-ჯაზი, რომელიც ზოგადად სამ ხმაში არ იშლება, მაგრამ რაღაცნაირად დათომ ეს ყველაფერი მოახერხა. სიმართლე გითხრათ, როდესაც პირველად გავიგე, რომ ამ სიმღერას შევასრულებდით, ლამის ვთქვი, კარგად იყავით! მე წავედი!-მეთქი. ქელი ფრაისი არის შეშლილი ქალი, რომლის სიმღერის შესრულებაც თითქმის ყველა სოლო მომღერალს უჭირს, ჩვენ კი, ეს ყველაფერი სამ ხმაში უნდა გაგვეკეთებინა.
ძალიან მომწონს გოგონებთან ერთად მუშაობა და ვფიქრობ, ხალხმა Dream Girlს შეიყვარა. არ ვიცი, რამდენად გავაგრძელებთ სამომავლოდ ჯგუფის შენარჩუნებას, მაგრამ მე ამის დიდი სურვილი მაქვს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ჟანრზეც. თუ ჯგუფი არ გაყვება ერთ კონკრეტულ ჟანრს და იქნება უფრო მრავალფერვანი, მაღალი იქნება იმის შანსი, რომ არ დაიშალოს. სამივე განსხვავებული ჟანრის მომღერლები ვართ და ვფიქრობ, ამ მხრივ, ერთმანეთის იდეებს უნდა ვითვალისწინებდეთ.
რა იქნება მომავალში, ამას ყველანი ერთად გავიგებთ, მანამდე კი, ვეცდებით X Factor-ის სცენიდან გავაგრძელოთ თქვენი გაოცება", - განაცხადა თამარ ჯგუშიამ.