X Factor-ის მესამე "ლაივი", ალბათ, თითოეული თქვენგანისთვის მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. ავთანდილ აბესლამიძემ ლიდერობა დათმო, წინა ტურის აუტსაიდერი, ცირა კობიაშვილი SMS ლიდერი გახდა, ხოლო, ნინა ყიფშიძეს წითელ ხაზთან დგომა მალიბუ ტუღუშთან ერთად მოუწია. სამწუხაროდ, ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტს ერთ-ერთი ფავორიტი, მალიბუ ტუღუში დაემშვიდობა.
გუშინდელ "ლაივთან" დაკავშირებით, პროექტის SMS ლიდერს ცირა კობიაშვილს ვესაუბრეთ: „ამდენი ნეგატივისა და კრიტიკის შემდეგ, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, რომ მესამე "ლაივი" ასეთი შედეგებით დასრულდებოდა და მე გავხდებოდი SMS ლიდერი. როგორც მითხრეს, შემოსული ზარების 15,9%-თ გავედი პირველ ადგილზე, რაც ძალიან მახარებს.
სიმართლე გითხრათ, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მე დავტოვებდი პროექტს, მაგრამ საბედნიეროდ, ვცდებოდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი გაიგო და მივაღწიე მათ გულებამდე. მე გავაგრძელებ ბრძოლას, რომ გიორგი არ დარჩეს მარტო ჩვენი კატეგორიიდან და ვეცდები, ღირსეულად მივიყვანო ბოლომდე.
ისეთი სიმღერა შევარჩიეთ, რომელსაც უდიდეს პასუხისმგებლობად ვგრძნობდი. ჟიურიმაც სწორად აღნიშნა და მეც ვეთანხმები, რომ ლანა დელ რეის ეს სიმღერა მეც ნინა სუბლატის მგონია, რადგან ამ მომღერალმა იმდენად გაითავისა, სხვა რომ მღერის, ვერ წარმომიდგენია. სწორედ ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა, ისე არ გამომივიდოდა, როგორც მინდოდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ მაყურებელსაც და ჟიურისაც მოეწონა ჩემი ნომერი. ახლა უკვე ორმაგი ძალებით მომიწევს ბრძოლა“.