სულ უფრო ცოტა დრო რჩება X Factor-ის მესამე „ლაივის“ დაწყებამდე. დღეს ზუსტად 22:00 საათზე ფილამონიის სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა დაიწყება. „ლაივის“ დაწყებამდე OK! X Factor-ის კულისებს სტუმრობდა, სადაც Dream Girls-ის წევრს, თიკა ბალანჩინს ვესაუბრეთ.
თიკა, როგორ მიმდინარეობდა მოსამზადებელი პერიოდი მესამე „ლაივისთვის“ და როგორ შეაფასებთ თქვენი ჯგუფის შანსებს კონკურსში?
„სამზადისი ძალიან რთული იყო, რადგან სიმღერა, რომელიც მოგვცეს, ძალიან რთულია. თავად ვინც მღერის, ეს სიმღერა სულ რაღაც, ორჯერ აქვს შესრულებული „ლაივში". ვერ ვიტყვი, რომ გაგვიჭირდა, მაგრამ სამივემ ერთობლივი ძალებით, მაქსიმალურად კარგად გავართვით თავი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა, დათო ძალიან გვეხმარებოდა.
დათოსთან მუშაობის პრინციპი მაქსიმალური მონდომება და შრომაა, დილიდან საღამომდე მასთან ერთად ვართ. ყოველთვის ძალიან ბევრს გველაპარაკება ამ სფეროზე, ამ საქმეზე, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში და როგორ უნდა ვიყოთ საუკეთესოები.
თავიდან მეგონა, რომ ჯგუფში სიმღერა ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ დღეს ამაზე აღარ ვფიქრობ. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ინდივიდუალური, სოლომომღერლები ვიყავით, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი კარგი ჯგუფის შექმნა შეიძლობოდა ჩვენგან. ვერ წარმოიდგენთ, როგორი კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, სამომავლოდ რამდენად შენარჩუნდება ჯგუფი, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთად ძალიან აქტიურად ვიდგებით სცენაზე, გვექნება კონცერტები და ა.შ.
სამივე ვამბობთ, რომ X Factor-ი ჩვენთვის ბოლო კონკურსი იქნება. მითუმეტეს, როდესაც საქართველოში ამაზე მასშტაბური კონკურსი არ არის. მაგრამ თუ ეს იქნება უფრო მასშტაბური კონკურსი, მაგალითად ევროვიზია, სიამოვნებით წარვადგენთ ჩვენს ქვეყანას და იმედს არავის გავუცრუებთ. ჩვენნაირი ტრიო, არამგონია, ბევრი იყოს საქართველოში“, - განაცხადა თიკა ბალანჩინმა.