„მზადება მესამე „ლაივისთვის“ ჩემთვის პირადად ძალიან რთული იყო. ისეთი სიმღერა შემირჩიეს, რომელიც არასოდეს მიმღერია და არც მქონია ამის სურვილი. რა სიმღერაზეა საუბარი, ამას მაყურებელი დღეს ნახავს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის უფრო რთული, როდესაც რაღაც ახალს იღებ შენს თავზე. მითუმეტეს, როდესაც არც არასოდეს გიმღერია, არც ჟანრობრივად და სტილისტურად არ არის შენი, მაგრამ ამ პროექტის აზრიც ეგ არის, რომ კონკურსანტებმა ყველა ჟანრში სცადონ ბედი.
მოლოდინი დღევანდელ „ლაივთან“ დაკავშირებით ძალიან კარგი მაქვს, მაგრამ დილიდან ისე ვნერვიულობ, რომ არ ვიცი, რა იქნება. პირველ რიგში, გიორგი ისეთი მენტორია, რომ არაფერს ისე არ გავაკეთებ, რომ მას იმედი გავუცრუო. როდესაც სცენაზე ვდგავარ, ვფიქრობ იმაზე, რომ გიორგის მოეწონოს ჩემი შესრულება და არა სხვა მენტორებს.
დღეს ცხოვრებაში პირველად მოხდება ისე, რომ სცენაზე წარმოვადგენ შოუს, მოცეკვავეებითა და ძალიან ორიგინალური პერფორმანსით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა ჩემი სტილი არ არის, ჯამში, ნომერი ძალიან კარგი და ეფექტური გამოვიდა. ჩემს სტილს რაც შეეხება, გეტყვით, რომ მე „ქავერებს“ არასოდეს ვმღეროდი, ყოველთვის ჩემს მიერ დაწერილ სიმღერებს ვასრულებდი.
სამწუხაროდ, პროექტის წესებიდან გამომდინარე, ჩემს მიერ დაწერილ სიმღერას სცენაზე ვერ შევასრულებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც აქტიურად მეხმარებიან იმაში, რომ ჩემი ყოველი ნომერი უფრო მეტად დახვეწილი და ორიგინალური იყოს. ამ ყველაფერს მე მათთვის ვაკეთებ და ყოველთვის ასე იქნება. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დამირეკოთ ნომერზე 0 903 300 306“, - განაცხადა მალიბუმ.