როგორც ნინა სუბლატმა აღნიშნა, მანაც ერთ დროს აუტსაიდერობით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, კონკურსის გამარჯვებული გახდა. საინტერესოა, რამდენად განმეორდება მსგავსი ისტორია ნინა ყიფშიძის ცხოვრებაში, მაგრამ დამეთანხმებით, სტარტი უკვე ძალიან ჰგავს მისი მენტორის ამბავს. ნინა პირველ Live-ზე აუტსაიდერი იყო, ხოლო მეორეზე - მეორე ადგილი დაიკავა.
ნინამ OK!-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სამომავლო გეგმები გაგვანდო და მომდევნო Live-ს სამზადისის შესახებ გვესაუბრა:
ნინა, როგორ შეაფასებთ თქვენს მეორე Live-ს და იმ სიმღერას, რომელიც შეასრულეთ?
ძალიან კმაყოფილი ვარ სიმღერის არჩევანით. SIA ძალიან მიყვარს და გამიხარდა, როდესაც მისი სიმღერის შესრულება შემომთავაზეს. რაც შეეხება ჩემს შესრულებას, ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ, მაგრამ ვეცდები, მომდევნო Live-ბზე თამამად ვთქვა, რომ ჩემი შესრულებით ბოლომდე კმაყოფილი ვარ.
ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი, როდესაც მეორე Live-ზე, წინასგან განსხვავებით, რეიტინგით მეორე ადგილზე ვიყავი. ეს რეიტინგი ალბათ იმან განაპირობა, რომ ეს სიმღერა უფრო კარგად შევასრულე და უფრო კომფორტულად ვიყავი.
როგორ მიმდინარეობს მზადება მესამე Live-სთვის და როგორი იქნება ამჯერად თქვენი იმიჯი სცენაზე?
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემი ყოველი გამოსვლა უკეთესი იყოს ვიდრე წინა. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ. რაც შეეხება იმიჯს, მესამე Live-ზე მაყურებლის წინაშე შოკის მომგვრელი იმიჯით წარვდგები, ისეთით, რომელიც ჯერ არ მქონია. წინასწარ დეტალებს ვერ გაგიმხელთ.
სოციალურ ქსელში შენი გულშემატკივრები 2016 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის თქვენს კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ - საინტერესოა, თავად რამდენად გაქვთ სურვილი, რომ საქართველო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე წარადგინოთ?
ძალიან სასიამოვნოა, თუ ჩემს გულშემატკივარს ასეთ მასშტაბურ კონკურსში ჩემი იმედი აქვს. ჯერ X Factor-ია ჩემი მთავარი საფიქრალი და რამდენად მაქვს სურვილი ევროვიზიაზე მონაწილეობის მიღების, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ამ კონკურსის ერთგული მაყურებელი არ ვარ, მაგრამ ნანახი მაქვს ნინა სუბლატის გამოსვლა და ძალიან მომეწონა. ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი, ქართველი მონაწილის ასეთ გრანდიოზულ პერფორმანსს. რა თქმა უნდა, ჩემი თავი ასეთ მასშტაბურ სცენაზე წარმომიდგენია და ალბათ, ყველა მომღერალს აქვს სურვილი დიდ სცენაზე იდგეს. რამდენად იქნება ეს ევროვიზია, არ ვიცი, ამაზე დაფიქრება მომიწევს.