X Factor-ის მეორე Live კვირის განსახილველ თემად იქცა. დღემდე მიდის კამათი იმასთან დაკავშირებით, იმსახურებდნენ თუ არა კონკურსანტები ჟიურის ასეთ მკაცრ შეფასებებს და უნდა იყოს თუ არა ავთანდილ აბესლამიძე SMS ლიდერი.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სოფო ნიჟარაძის კატეგორიის მონაწილის, გიგი ადამაშვილის მიმართ წამოსული კრიტიკა, ნიკა გვარამიას მხრიდან.
აღნიშნულთან დაკავშირებით OK!-ს სოფო ნიჟარაძე ესაუბრა და ის მიზეზები ახსნა, რის გამოც ნიკამ გიგი ადამაშვილი მილიონობით მაყურებლის წინაშე არ დაინდო.
"გიგი ჯერ 17 წლის არის, გარდატეხის ასაკშია და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ შეფასებას იღებს სხვა მენტორისგან, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია. მე გიგის ეს რეაქცია სავსებით გავიგე და მხარს ვუჭერ, რადგან არ შეიძლება კონკურსანტის მიმართ ასეთი კრიტიკული იყო.
მესმის ნიკას ასეთი შეფასებებიც, იმიტომ, რომ გიგი პირდაპირ კონკურენციაში არის მის ბიჭებთან და მოდი, თამამად ვიტყვი, რომ ნიკას ბიჭებს იმდენად აქტიური გულშემატკივარი არ ჰყავთ, როგორც გიგის. მიუხედავად იმისა, რომ ავთო sms-ებით ლიდერობს, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ ავთო არ არის ისეთი ძლიერი, რომ ორივე Live ზედიზედ ლიდერი იყოს, ჩემთვის ის არ არის ლიდერი, რადგან სხვები ბევრად უფრო ძლიერები არიან. მე პატივს ვცემ მაყურებლის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ არის სწორი არჩევანი. მიშაზეც შემიძლია გითხრათ, რომ უდავოდ ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ უკვე ზედიზედ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ის კრიტიკა რაც დაიმსახურა, სრულიად ადეკვატური იყო", - განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.