X Factor-ის მეორე Live განსაკუთრებით მკაცრი შეფასებებით დასრულდა. რაც შეგვიძლია დავაბრალოთ იმას, რომ ჟიურის პროექტში დარჩენილი კონკურსანტებიდან საუკეთესოს არჩევა დღითიდღე უჭირს და ყველასგან მაქსიმალურს მოითხოვენ. ჟიურის კრიტიკის ქვეშ მოექცა მომღერალი მიშო სულუხიაც, რომელმაც ბოლო Live-ზე სიმღერის საკუთარი ვერსია წარადგინა. როგორც აღმოჩნდა ჟიურის მისი შესრულება არ მოეწონა და ნიკამ საკუთარი კატეგორიის წევრი ყველაზე მკაცრად შეაფასა - „ან იმღერებ შემდეგ ტურში კარგად, ან წადი პროექტიდან“ - სწორედ ამ სიტყვებით დაასრულა გვარამიამ მიშოს შეფასება პირდაპირ ეთერში.
OK! მიშო სულუხიას პირადად ესაუბრა და იმ მიზეზების გარკვევა სცადა, რაც სცენაზე მოხდა. მიშომ ბოლო Live-თან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა.
„იმ სიმღერის ვერსია, რაც მეორე Live-ზე შევასრულე, ინსტრუმენტალი მე გავაკეთე. სიმღერის დროს იმპროვიზირებულად შევედი ცოტა გვიან, რაც ჟიურიმ შეცდომად ჩამითვალა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა თავიდან ბოლომდე აცდენა. რამდენიმე ადგილას იყო შესვლა დაგვიანებული ტაქტით და მე ეს შეგნებულად გავაკეთე. მომღერალს აქვს უფლება, სიმღერის საკუთარ ვერსიაში, გააკეთოს ან ადრე შესვლა, ან გვიან შესვლა.
რეიჩელ ფერელი ხანდახან 30 წამი აგვიანებს. მე, რა თქმა უნდა, თავს არავის ვადარებ, მაგრამ შეიძლებოდა, ამ ყველაფერს, საერთოდ უხმაუროდ ჩაევლო. ვგულისხმობ რამდენიმე აცდენას. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ჟიურის ყველა წევრს, ყურში აქვს სიმღერის ორიგინალი ვერსია და ალბათ ელოდნენ, რომ ჩემი შესრულებაც ორიგინალის ანალოგი უნდა ყოფილიყო. მე არ ვიმღერე ისე, როგორც ორიგინალშია. ოდნავ სხვაობები გავაკეთე და ეს მათ არ მოეწონათ.
ჩემმა წინა Live-ზე შესრულებულმა Rammstein-ის სიმღერამ, მოხსნა ყველანაირი რეკორდი მთელ ქართულ ტელესივრცეში. 2.5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე: გერმანიაში, ამერიკაში, საქართველოში და ა.შ. ამის შემდეგ, შეიძლება პროექტი ისე დამთავრდეს, რომ ამაზე მაღალი რეიტინგი X Factor-ის არცეთ სხვა ვიდეოს არ ჰქონდეს. შეიძლება ეს ხმამაღალ ნათქვამად ჩამითვალოთ. ჩემი მენტორიც აქედან გამომდინარე, არის ძალიან მომთხოვნი და უნდა, რომ ყოველ ჯერზე უკეთესი გავაკეთოთ და არ გვქონდეს დაღმასვლა. შესაბამისად, მისი ეს შეფასებაც სრულიად ადეკვატურია ჩემს მიმართ“, - განაცხადა მიშო სულუხიამ OK!-სთან საუბრისას