ავთანდილ აბესლამიძე X Factor-ის პირველ Live-ზე, პირველი წარსგა მაყურებლის წინაშე და SMS ლიდერი გახდა, იგივე განმეორდა მეორე Live-ის დროსაც. ავთო ამჯერადაც მაყურებლის რჩეული აღმოჩნდა და პროცენტული მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავა.
როგორც ნიკა გვარამია იტყოდა - ავთო ხუთოსანი მუსიკოსია და ეს რეიტინგიც მისი შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. საინტერესოა, თავად როგორ აფასებს საკუთარ გამოსვლებს ავთანდილ აბესლამიძე?
„ნიკამ მეორე Live-სთვის ძალიან კარგი სიმღერა შემირჩია და ვფიქრობ, ამ ყველაფერმა გაამართლა. ძალიან გამიხარდა, რომ მაყურებლის რჩეული კვლავ მე გავხდი. ვაცნობიერებ იმას, რომ უფრო და უფრო მეტი მომეთხოვება. როდესაც ჩანაწერი ვნახე, მომეწონა ჩემი შესრულება, მაგრამ ალბათ, ის მომენტი ყველა ადამიანს აქვს, როდესაც საკუთარ თავს ეუბნება, რომ უფრო მეტი შეუძლია. მეც სწორედ ეს განცდა მქონდა. ყველ ორშაბათს უფრო მეტს შევთავაზებ მსმენელს.
ამ სიმღერას რა ენერგეტიკაც სჭირდებოდა, ვფიქრობ, მაყურებლამდე სწორად მივიტანე, თუნდაც ჩემი ცეკვით და პერფორმანსით. მსმენელმაც სწორად შეაფასა ის ყველაფერი, რაც შევთავაზე.
უკვე მეორე Live არის რაც პირველი გამოვდივარ სცენაზე და ლიდერი ვხდები. საინტერესო დამთხვევაა, ორივეჯერ პირველი გამოვედი და ორივეჯერ პირველობით დავსასრულე. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც თუნდაც ერთი SMS გამომიგზავნა“, - განაცხადა ავთანდილ აბესალამიძემ.