X Factor-ის მეორე Live დაძაბული მხოლოდ სცენაზე არ ყოფილა. სარეკლამო ჭრის დროს ჟიურის წევრებმა სცენა დატოვეს და კულისებში გადაინაცვლეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ რამდენიმეწუთიანი შესვენება არ ყოფილა. კულისებიდან ჟიურის ცხარე კამათის ხმა გამოდიოდა, რაც როგორც ჩანს მათ კონკურსანტების მიმართ წარმოთქმულ შეფასებებს ეხებოდა.
OK! დაინტერესდა, რა ხდებოდა კულისებში და რაზე კამათობდნენ ჟიურის წევრები? ჩვენ მენტორებს - სოფო ნიჟარაძეს და გიორგი გაბუნიას ვესაუბრეთ.
სოფო ნიჟარაძე: კულისებში ჩვენ უბრალოდ განვიხილავდით, იმ კონკურსანტების გამოსვლას, რომლებიც იმ მონეტში, უკვე წარდგნენ მაყურებლის წინაშე. მოგეხსენებათ, ხუთი ჟიურის წევრი ვართ და შეუძლებელია, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული აზრები და დამოკიდებულება არ გვქონდეს, რაც ხშირად შეიძლება კამათშიც გადაიზარდოს. ერთი აზრი ვერასოდეს ვერ გვექნება, რადგან ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, გვყავს განსხვავებული კონკურსანტები და შეიძლება ხშირად არ მოგვეწონოს ის გამონათქვამები, რასაც ვისმენთ, ამას კი, მოგვიანებით ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ. სწორედ ეს შეფასებები ხდება კრიტიკის ობიექტი, რაც თავისთავად, იწვევს მენტორებს შორის უთანხმოებასაც.
გიორგი გაბუნია: სარეკლამო ჭრის დროს, მენტორები კულისებში გავდივართ ხოლმე, გუშინდელ Live-ზეც ასე მოხდა და სცენაზე დაწყებული კამათი იქ გაგრძელდა. თუ კარგად დააკვირდებოდით, ჩემს ხმას ვერ გაიგებდით. მე როგორც სცენაზე, კამათის დროს ვიღიმი და თავს ვიკავებ პოლემიკაში ჩართვისგან, კულისებშიც ასე მოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მენტორმა ემოციები ვერ მოთოკა. კამათობდნენ იმაზე, რა უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ყოფილიყო, შენ ასე რატომ თქვი, ეს არ შეიძლება და ა.შ.